დღეს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ორივე გუნდი ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დამარცხებელია და 4 მატჩი აქვთ მოგებული — საქართველომ შვეიცარია, ნიდერლანდები, ესპანეთი და რუმინეთი დაამარცხა, პორტუგალიამ კი ბელგიას, გერმანიას, რუმინეთს და ესპანეთს აჯობა.
გუნდები ერთმანეთს ბოლოს გასული წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ, სადაც ბორჯღალოსნებმა მეტოქე მარტივად, 36-10 დაამარცხეს. ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი 3 საქართველომ მოიგო, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა. სრული სტატისტიკა ბორჯღალოსნების დომინაციას ასახავს — 19 გამარჯვება, 4 ფრე და 4 წაგება.
ფინალური მატჩისთვის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა,მარკო ბორტოლამმა შემადგენლობა დაასახელა.
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. ბექა გორგაძე (პო); 22. მიხეილ ალანია (ვანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი დღეს, თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე აიღებს სტარტს.









