ეროვნული ლიგის გასული ტურის მატჩი დინამო ბათუმსა და დინამო თბილისს შორის, სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით 1:4 დასრულდა.
თბილისელთა მხრიდან მესამე გოლი 24 წლის თავდამსხმელმა ირაკლი სირაძემ გაიტანა, რომელიც დინამო თბილისში ამ ზაფხულს ჩაირიცხა.
მიუხედავად იმისა, რომ სირაძე უკვე 24 წლისაა, ქართული ფეხბურთის რადარზე ის აქამდე არ გამოჩენილა. მეტიც, პროფესიონალურ ფეხბურთში ბევრი არც უთამაშია.
ბოლო 2 წელი ის ფინეთში თამაშობდა. ატლანტისში, რომელიც ფინეთის რანგით მეოთხე ლიგაში ასპარეზობს და შეიძლება ვთქვათ, რომ ნახევარად სამოყვარული ლიგაა. 2019 წელს სირაძე ჩიხურაში ირიცხებოდა.
მიუხედავად ასეთი მწირი კარიერისა, სირაძე დინამო თბილისის სამწვრთნელო შტაბის ინტერესის ქვეშ აღმოჩნდა. კლუბმა ის თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე წაიყვანა, სადაც ვარჯიშებზე კარგად იყო, ამხანაგურ მატჩში გოლიც გაიტანა.
სირაძე იმდენად გამორჩეული და მონდომებული იყო, რომ დინამომ მასთან პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება და მისი დიდ გუნდში თამაში გადაწყვიტა.
ოფიციალურ მატჩებში სირაძის დებიუტი საქართველოს თასის 1/16 ფინალში, სამტრედიას წინააღმდეგ შედგა, სადაც მხოლოდ 25 წუთი ითამაშა. დინამო ბათუმთან ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, შანსი იდეალურად გამოიყენა, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და როგორც ვთქვით, გოლიც გაიტანა.









