ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მე-19 გრან პრი, რომელსაც აშშ-მ, კერძოდ ტეხასის შტატმა უმასპინძლა, მაქს ვერსტაპენის სრული დომინაციით ჩატარდა.
აშშ-ის გრან პრიზე რბოლასთან ერთად სპრინტიც ჩატარდა, სადაც პირველობა მაქს ვერსტაპენმა არავის დაუთმო. მოქმედმა ჩემპიონმა კვალიფიკაციაზეც პოულ პოზიცია მოიპოვა, რბოლაზე პირველობა არავის დაუთმო და მიმდინარე სეზონში მეხუთედ ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე.
აღნიშნულ გრან პრიზე მეორე ადგილის მაკლარენის ბრიტანელმა პილოტმა, ლანდო ნორისმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ფერარის მონეგასკი მრბოლელი, შარლ ლეკლერი გავიდა. აღსანიშნავია,რომ ჩემპიონატის ლიდერი, ოსკარ პიასტრი სპრინტზე უქულოდ დარჩა, ხოლო რბოლაზე მხოლოდ მე-5 პოზიციის დაკავება მოახერხა.
19 რბოლის შემდეგ, პირად ჩათვლაში სიტუაცია დაძაბულია და ჩემპიონობის შანსს 3 პილოტი ინარჩუნებს. პირველ ადგილს 346 ქულით პიასტრი იკავებს, რომელსაც მისი თანაგუნდელი, ნორისი მხოლოდ 14 ქულით ჩამორჩება. მოქმედი ჩემპიონი, ვერსტაპენი კი 306 ქულით მესამეა.
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის დასრულებამდე 5 ეტაპი არის დარჩენილი — მომდევნო გრან პრი კვირას, 26 ოქტომბერს მექსიკაში, ერმანო როდრიგესის სახელობის ავტოდრომზე ჩატარდება.









