პირველ ტაიმში გუნდებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს - ჯერ ალექს ივობის შეეძლო საკუთარი გუნდის წინ გაყვანა, შემდეგ კი როდრიგო მუნიზის ორი ძალიან სახიფათო მომენტი ვნახეთ. პირველ მომენტში, ბრაზილიელის დარტყმული ონანამ მოიგერია, შემდეგ კი მანჩესტერი კარის ძელმა გადაარჩინა. ტენ ჰაგის გუნდის მხრიდან ყველაზე სახიფათო მომენტი დიოგო დალომ შექმნა, თუმცა მისი შორეული დარტყმაც კარის ძელს მოხვდა. ტაიმის ბოლომდე ფულემმა კიდევ ერთი კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ ანდრეას პერეირას შორეულ დარტყმას ისევ ონანა გადაეღობა.
გუნდებმა მეორე ტაიმისც აქტიურად დაიწყეს და პირველმა გოლმაც არ დააყოვნა - ფულემის გათამაშებულ კუთხურს, კალვინ ბასის გოლი მოჰყვა - 0:1, შეიძლება ითქვას, რომ სილვას გუნდი დამსახურებულად დაწინაურდა. შეხვედრის ბოლომდე მანჩესტერი ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა და საბოლოოდ, 89-ე წუთზე მაგუაიერმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა. მასპინძლების ეს სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - მატჩის მიწურულს, 97-ე წუთზე, ფულემი ისევ წინ გავიდა, ამჯერად თავი ივობიმ გამოიჩინა. ოლდ ტრაფორდზე მართლა საოცარი მატჩი ვიხილეთ.
"წითელმა ეშმაკებმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. ამ შედეგით ოთხეულთან ჩამორჩენა 8 ქულამდე გაიზარდა.









