რობერტო დე ძერბი გენიალური მოტივატორია და მან ეს მარსელის ოლიმპიკში უკვე დაამტკიცა. ზაფხულში, ახალ გუნდში დანიშნვის წინ, მან თავის შეგირდებს აჩვენა მანჩესტერ იუნაიტედისგან გამოგზავნილი კონტრაქტის ასლი, რომელსაც იტალიელი სპეციალისტის ხელმოწერა აკლდა. დიახ, როგორც ვხვდებით, სამხრეთელთა დამრიგებელმა "წითელი ეშმაკები" უარით გაისტუმრა.
45 წლის მწვრთნელმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა შემდეგნაირად - "არ ვიქნებოდი მარსელში, საფეხბურთო ვნებაზე წინ ფული რომ დამეყენებინა. არის რაღაცეები, რაც ფუფუნებაზე მაღლა დგას", - განუცხადა დე ძერბიმ ოლიმპიკის მოთამაშეებს. რაც შეეხება მის შედეგებს ახალ გუნდში: 11 მატჩი, 6 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.
ლიგა 1-ის 11 ტურის შემდეგ, სამხრეთელები 20 ქულით არიან მესამე ადგილზე და ლიდერ პარის სენ-ჟერმენს ამ დროისთვის ცხრა ქულით ჩამორჩებიან. "მანკუნიანელების" გარდა, იტალიელი სპეციალისტის სახელს უკავშირებდნენ მიუნხენის ბაიერნს, ბარსელონას, ლივერპულსა და მილანს.











