უკვე რამდენიმე სეზონია, რაც 25 წლის თავდამსხმელს "ბლანკოსის" სახელს უკავშირებენ, თუმცა აქამდე ტრანსფერის განხორციელებას სხვადასხვა გარემოება უშლიდა ხელს. პარიზი მთელი ძალებით ცდილობდა თავისი 7-იანის შენარჩუნებას, პირველ რიგში ფულით, მაგრამ ამჯერად ფინანსური საკითხიც კი მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა.
მბაპეს "სამეფო კლუბში" პოტენციური ტრანსფერი, გალაქტიკოსების ახალი თაობის ფორმირებაზე მიუთითებს. ამის მთავარი წინაპირობა არის ახალგაზრდა სუპერვარსკვლავების კრებული, რომლებსაც თავიანთი სახელოვანი წინამორბედების წარმატებების გამეორება სურთ. მიმოვიხილოთ შემადგენლობა, რომელიც ბერნაბეუზეა თავმოყრილი.

ფედერიკო ვალვერდე (25 წლის), ჯუდ ბელინგემი (20 წლის), ვინისიუს ჟუნიორი (23 წლის), როდრიგო გოესი (23 წლის), ედუარდო კამავინგა (21 წლის), ორიელიენ ჩუამენი (24 წლის), ბრაჰიმ დიასი (24 წლის). არ უნდა დაგვავიწყდეს 17 წლის ენდრიკ დე სოუზა, რომელიც კარლო ანჩელოტის გუნდს ზაფხულში შეუერთდება.
ერთი სიტყვით, რეალის მომავალი საიმედო ხელშია. ცხადია, ცვლილებები იქნება დაცვის ხაზშიც, თუმცა კონკრეტული გვარების შესახებ ჯერჯერობით არ იწერება. მადრიდელი ქომაგები კლუბის აღზრდილების დაბრუნებაზე ოცნებობენ, საუბარია ტეო ერნანდესსა და აშრაფ ჰაკიმიზე,. ვინ იცის, მომავალში შესაძლოა ისინიც ვიხილოთ ქათქათა მაისურში.
რა უპირატესობა ექნება გალაქტიკოსების ახალ თაობას წინამორბედებთან შედარებით? დავიწყოთ პირველი ნაკადით, როდესაც "ბლანკოსში" შეიკრიბნენ ზინედინ ზიდანი, რონალდო ნაზარიო, ლუიშ ფიგუ, დევიდ ბექჰემი, რაულ გონსალესი და რობერტო კარლოსი. ეპოქალური შემადგენლობა, რომელმაც ტიტულების მოგების თვალსაზრისით ევროპაში ვერ იბატონა.

დიახ, "სამეფო კლუბმა" 2002 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თუმცა იმ დროს გალაქტიკოსების კრებული ჯერ კიდევ არასრული იყო - ბრაზილიელი და ინგლისელი ვარსკვლავები სხვა კლუბებში თამაშობდნენ. მათი გადმოსვლის შემდეგ კი "თეთრებში" ევროთასების პლეი-ოფიდან ნაადრევად გამოვარდნის ეპოქა დაიწყო.
სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრები 12 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გარეშე რჩებოდნენ და ამის უმთავრესი მიზეზი მწვრთნელი იყო. გალაქტიკოსების ერთმანეთში შეთამაშება ვერ მოახერხეს კარლოს კეირუშმა, ხოსე ანტონიო კამაჩომ, ვანდერლეი ლუქშემბურგომ, ფაბიო კაპელომ, ბერნდ შუსტერმა, ხუანდე რამოსმა და მანუელ პელეგრინიმ.
შემდეგ მოვიდა ჟოზე მოურინიო, რომლის ხელში რეალი ნამდვილად მრისხანედ გამოიყურებოდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ტიტულამდე ვერც მის პერიოდში მივიდა. პორტუგალიელ სპეციალისტს ხელი შეუშალა პეპ გვარდიოლას ეპოქალურმა ბარსამ, რობერტ ლევანდოვსკის პოკერმა და კიდევ რამდენიმე ფაქტორმა. მოკლედ, დომინანტობა სხვა კლუბების ხელში იყო.

ნავსი გატეხა მწვრთნელმა, რომლის ხელში ახალგამოჩეკილი გალაქტიკოსების ეპოქაც უნდა დაიწყოს. საუბარია ანჩელოტიზე და 2014 წელს მისი ხელმღვანელობით მოგებულ ლა დეციმაზე. იტალიელი სპეციალისტის საქმე მოგვიანებით გააგრძელა ზიდანმა, რომელმაც დამრიგებლის რანგში გალაქტიკოსების მე-2 თაობისგან მაქსიმალური შედეგები მოიპოვა.
ფრანგი მწვრთნელის ხელში, მადრიდელები ზედიზედ სამი წლის განმავლობაში დომინირებდნენ. შემდეგ იყო მცირე ჩავარდნა, კარლოს დაბრუნება და ლიგის კიდევ ერთი ტიტული. მილანის ყოფილი დამრიგებელი ახლაც "თეთრებშია" და გალაქტიკოსების ახალი შემადგენლობის ფორმირება სწორედ მას ევალება. ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას 64 წლის სპეციალისტი.
ზემოთ ხსენებული კეირუშისა თუ პელეგრინისგან განსხვავებით, ანჩელოტიმ ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ვარსკვლავებთან მუშაობა. ალბათ, ვერავინ მოახერხებს იტალიელ სპეციალისტზე უკეთ კილიანის ინტეგრირებას "სამეფო კლუბის" რიგებში. ასეთია ლეგენდარული დამრიგებლის ბოლო მისია ბერნაბეუზე.










