პრემიერ ლიგის 33-ე ტურში მანჩესტერ სიტიმ არსენალს 2-1 მოუგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილთან სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ "ქალაქელებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რის ფონზეც საჩემპიონო მარათონი კიდევ უფრო დაიძაბა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მედიასთან ისაუბრა.
"გამარჯვება ძალიან კარგია, მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეს ასახავს - ვინ არის ლიგის სათავეში? ჩვენ არა. ბურთების სხვაობით, ვინ არის უკეთესი? არსენალი... ეს ყველაფერი არ უნდა დაგვავიწყდეს.
ეტაპობრივად, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვაქვს იმედი, რომ ბოლომდე ბრძოლის შანსებს კიდევ გავზრდით. ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვართ, მაგრამ რაც მთავარია საქმეში ვართ."
შეგახსენებთ, თუ გუნდები დაასრულებენ სეზონს თანაბარი ქულებით, უპირატესობა მიენიჭება ბურთების შეფარდებას.









