ჩემპიონთა ლიგის ფაზის უკანასკნელ, მერვე ტურში ლისაბონის ბენფიკამ დაამარცხა მადრიდის რეალი, ანგარიშით 4:2, რითაც პლეი ინის საგზური მოიპოვა. აღნიშნულ შეხვედრას დრამატულობას სძენდა ის ფაქტი, რომ "სამეფო კლუბის" მოწინააღმდეგე ჟოზე მოურინიო იყო. შეგახსენებთ, პორტუგალიელი ტაქტიკოსი 2010-იანების დასაწყისში სანტიაგო ბერნაბეუზე მუშაობდა.
"არწივების" ამჟამინდელი მწვრთნელის კარიერულ გზაზე რეალი იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც მას არასდროს დაუმარცხებია, იმ მეტოქეებს შორის, ვის წინააღმდეგაც 2-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. 2002-2003 წლებში, ჯერ კიდევ პორტუს დამრიგებლის რანგში, მადრიდელებთან მან წააგო 4 თამაშიდან 3, ერთიც, ფრედ დასრულდა.
2017 წლის აგვისტოში "განსაკუთრებული" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა უეფას სუპერ თასზეც, მაშინ, როდესაც ის მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობდა. როგორც ვხედავთ, ფაზის მე-8 ტურამდე, 63 წლის სპეციალისტის სტატისტიკა ბერნაბეუს ბინადრებთან შეადგენდა 4 წაგებასა და 1 ფრეს.
უსიამოვნო სერია ჩაბარდა წარსულს - მოურინიომ რეალის დამარცხება როგორც იქნა შეძლო. შეგახსენებთ, რომ მატჩის 98-ე წუთამდე მისი გუნდი იგებდა 3:2-ს, რაც 24-ეულში შესვლისთვის საკმარისი არ იყო. ყველაფერი გადაწყვიტა ანატოლი ტრუბინის გოლმა, რომლის დახმარებითაც ეშტადიუ და ლუშის ბინადრები პლეი ინის ზონაში შევიდნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ თავდაპირველად მას ეგონა, თითქოს 24 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა საკმარისი იყო 3:2-ითაც და მხოლოდ რეალური სურათის გაგების შემდეგ დაავალა მან უკრაინელ გოლკიპერს მადრიდელთა საჯარიმოში ჩასვლა.









