ბარსელონა ბ-ს მწვრთნელმა, რაფაელ მარკესმა მთავარ გუნდში გადასვლისა და იქ ჩავი ერნანდესის ჩანაცვლების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ესპანელი დატოვებს "ბლაუგრანას", მექსიკელმა კი თავის მხრივ დაწინაურების საკითხში სრული მზადყოფნა გამოხატა.
"ეს არის პროცესის ნაწილი. ვინ იტყოდა ბარსელონას მწვრთნელობაზე უარს? მოსახდენი მოხდეს, რატომაც არა?! მე გავაგრძელებ ჩემი საქმის კეთებასა და გამოცდილების მიღებას. ჯერჯერობით მხოლოდ მე-2 სეზონია, რაც მწვრთნელი ვარ. კლუბის უფროსობას ფიქრისთვის დრო აქვს. მე ასეთ წინადადებაზე უარს ვერ ვიტყვი", - განაცხადა ბარსა ბ-ს თავკაცმა.
აღსანიშნავია, რომ კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობას არ მოეწონათ 44-წლის დამრიგებლის კომენტარი. Diario Sport-ის მტკიცებით, კლუბში მისი სიტყვები მიიღეს როგორც გამოხტომა, რომელმაც შესაძლოა "ბლაუგრანას" გასახდელში არსებულ ატმოსფეროს კიდევ უფრო ავნოს. მარკესმა ბოდიში უკვე მოიხადა.
იგივე წყაროს თუ დავუჯერებთ, მექსიკელი თავკაცი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე არც განიხილება. კამპ ნოუზე ჩავის მისცემენ სეზონის მშვიდად ჩამთავრების შესაძლებლობას და უკვე შემდეგ, ახალ კანდიდატზე გადაერთვებიან. კლუბი ეძებს გამოცდილ სპეციალისტს, რის კრიტერიუმებშიც რაფა ჯერ ვერ ჯდება.









