Sky-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მთავარი თემა ლივერპული და მოჰამედ სალაჰი იყო. ბრიტანულ ტელემაუწყებელს აინტერესებდა, თუ სად ხედავენ მერსისაიდელი ქომაგები ეგვიპტელ ფორვარდს: ძირითადში თუ სკამზე. შეგახსენებთ, გასულ უიკენდზე მათმა გუნდმა ლონდონში მოუგო ვესტ ჰემს, ისე რომ "წითლების" ლიდერი სასტარტოში არ ყოფილა.
ენფილდის ბინადრების მე-11 ნომერი სათადარიგოთა სკამზე დარჩა სანდერლენდთან მატჩშიც, თუმცა პრემიერ ლიგის მოქმედი გამარჯვებული ქულების დაკარგვას მაინც ვერ გადაურჩა. რაც შეეხება გამოკითხვის შედეგებს, არნე სლოტის გუნდის ქომაგების 71.4% თვლის, რომ "ფარაონი" მომავალ შეხვედრებშიც სკამზე უნდა დარჩეს.
მიმდინარე სეზონში ჩავარდნა აქვს, როგორც ზოგადად ლივერპულს, ისე კონკრეტულად 33 წლის თავდამსხმელსაც. 19 მატჩში მან მოახერხა მხოლოდ 5 ბურთის შეგდება, მერსისაიდელები კი ლიდერ ლონდონის არსენალს ამ მომენტისთვის უკვე 11 ქულით ჩამორჩებიან.









