საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს წარუმატებლად ატარებს. გასულ კვირას ვილი სანიოლის გუნდმა ესპანეთთან და თურქეთთან უშანსო მარცხი განიცადა და ჯგუფიდან გასვლის შანსები აღარ დაიტოვა.
LaGazzetta.ge-სთან საუბარში ჩვენი ნაკრების თამაში გამოცდილმა ქართველმა სპეციალისტმა გია ცეცაძემ შეაფასა.
"ბოლო მატჩების წარუმატებლობის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ მწვრთნელის ან ფეხბურთელის ბრალია. ვილი სანიოლი ამბობს, რომ კომფორტის ზონიდან ვერ გამოვედითო და რთულია არ დაეთანხმო. ჩვენი ნაკრები იმდენად კარგად არის დაკომპლექტებული, რომ თურქეთთან და ესპანეთთან მარცხი მტკივნეულად უნდა აღვიქვათ, მაგრამ უნდა ვეძებოთ, რა იყო ამის მიზეზი. გარედან ყველაფრის საუბარი ადვილია. ვინაიდან შიგნიდან რა ხდება არ ვიცი, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. საქმე სანიოლს აქვს ჩაბარებული და მან უკეთ იცის, რა არის გამოსწორების გზა.
რატომ ვერ ვქმნიდით მომენტებს? - ეს მოწინააღმდეგის დამსახურებაა. კარგად გვეთამაშნენ. კვარახცელიას ბურთი იცით რატომ არ ჰქონდა? - იმიტომ, რომ ბურთით სულ მოწინააღმდეგე იყო და შემტევებამდე ბურთი არ მიდიოდა.
თამაში როცა არ გამოდის და შედეგი არ არის, ეს ყველას ბრალია - მწვრთნელისაც და ფეხბურთელისაც. სიტყვაზე ვამბობ, ცარიელ კარს რომ ფეხბურთელი ბურთს ააცილებს, მაინც მწვრთნელის ბრალია ხოლმე. ჯოხის გადატეხვას მხოლოდ მწვრთნელებზე არასდროს ვეთანხმები.
გამოსავალი ყოველთვის ერთადერთია - წაქცევით ყველა შეიძლება წაიქცეს. მთავარია, როგორ ადგები. შესაბამისად, ახლა ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მალე წამოვდგეთ და ეს პროცესი არ გაიწელოს. მაქსიმალური კონცეტრაცია გვჭირდება და გევრდში დგომა ხალხის და გარემოსი. ჩავარდა ეს ციკლი? - ახლა ვემზადებით ერთა ლიგისთვის, სადაც ახალი შემართებით უნდა ვიყოთ.
ჩემი აზრით, სანიოლი საქართველოს ნაკრებიდან არ უნდა წავიდეს. ერთა ლიგის ციკლიც უნდა ჩაატაროს და იქაც თუ შედეგი ვერ დადო, მაშინ უნდა წავიდეს. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გაიყვანა ნაკრები და მთელი ქვეყნის ოცნება აასრულა. მას უმადურად არ უნდა მოვექცეთ, ფეხბურთია და ერთმანეთის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს", - განაცხადა ცეცაძემ ჩვენთან საუბარში.









