აფრიკის ერთა თასზე ალჟირისა და სუდანის ნაკრებების მატჩის (3:0) მთავარი გმირი მოულოდნელად აღმოჩნდა მოედანზე მოთამაშე არა რომელიმე ფეხბურთელი, არამედ ზინედინ ზიდანი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. ლეგენდარულმა ფრანგმა ფლეიმეიქერმა თამაშის დროს არაერთხელ მოისმინა, თუ როგორ სკანდირებდა პუბლიკა მის გვარს.
მადრიდის რეალის ყოფილ ნახევარმცველს ჰქონდა მატჩზე დასწრების თავისი მიზეზი, თანაც განსაკუთრებული, რაც შვილის გულშემატკივრობას გულისხმობს. საქმე ისაა, რომ საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილი მე-10 ნომრის ვაჟი, ლუკა 2025 წლიდან სწორედ "ლე ფენესის" ღირსებას იცავს.
ალჟირელ მეკარეს წარსულში უთამაშია "მამლების" სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, თუმცა მთავარი გუნდიდან მას მოწვევა არ მიუღია. უმცროსი ზიდანი აღარ დაელოდა "ლურჯების" ზარს და "უდაბნოს მეომრების" წევრი გახდა. შვილის არჩევანს მხარი დაუჭირა 53 წლის ექს-ფლეიმეიქერმა, რომელიც ალჟირული ფესვების მიუხედავად, საფრანგეთში თამაშობდა.
როგორც ვხედავთ, მამისა და შვილის სანაკრებო კარიერა განსხვავებული გზით წარიმართა. რაც შეეხება გრანადას მეკარის პერფომანსს, ეს იყო მისი რიგით მე-2 შეხვედრა ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდში და პირველი, კარის მშრალად შენახვით.









