დამსახურებული ქართველი ვეტერანი მორაგბე, ქართული რაგბის პირველი თაობის წარმომადგენელი გივი მრელაშვილი 87 წლის გარდაიცვალა.
გივი მრელაშვილი რაგბის კავშირის დამაარსებელი, სპორტის ოსტატი,საკავშირო კატეგორიის მსაჯი, რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი და ღირსების ორდენის პირველი მფლობელი იყო.
1961 წლის 1 დეკემბერს თბილისში სწორედ გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა საქართველოს რაგბის კავშირის წინამორბედი , რეგბის (როგორც მაშინ ერქვა) საქალაქო სექცია. მისი უშუალო ჩართულობით დაარსდა რამდენიმე სარაგბო გუნდი. სწორედ აღნიშნულმა კლუბებმა შორეულ წლებში პირველად ორგანიზებულ ტურნირში თამაშიც შეძლეს.
გივი მრელაშვილი მაღალ პროფესიულ უნარებთან ერთად, გამოირჩეოდა განსაკუთრებული ადამიანი თვისებებით, ის ყოველთვის ცდილობდა დახმარებოდა, ყველას ვისაც სჭირდებოდა და ღირსეულ სამსახურს უწევდა სამშობლოს.
lagazzetta.ge ღრმა მწუხარებას გამოხატავს გივი მრელაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს, მის ოჯახს, მეგობრებს, სარაგბო ოჯახსა და სრულიად საქართველოს.









