2017 წელს დაარსებული სპაერი ბიზნეს და სამოყვარულო ლიგებს თამაშობდა და საქმეს ფეხბურთის სიყვარული აკეთებინებდათ, თუმცა როცა მიხვდნენ, რომ უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეეძლოთ, ჩამოაყალიბეს ოფიციალური კლუბი, რომელმაც ასპარეზობა მე-5 ლიგიდან დაიწყო და ყოველწელს ერთი ლიგით მაღლა ადიოდა.
7 წლის თავზე, უბრალოდ გასართობად დაარსებული სპაერი მთელ ქვეყანას ალაპარაკებს და საქართველოს თასის გამარჯვებული ხდება.
როგორ გახდა სპაერი თასის გამარჯვებული? - ამასთან დაკავშირებით გუნდის მთავარი მწვრთნელი ანზორ კიღურაძე LaGazzetta.ge-ს ესაუბრა.
- როგორი იყო ისტორიული მომენტის პირველი წუთები, როცა საქართველოს თასი მოიგეთ?
- "ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა, ერთ წამში ბევრი რამ დავინახე. ზოგადად, მშვიდი ადამიანი ვარ, თუმცა იმ მომენტში სიხარულისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ჩემი ფეხბურთელებისკენ გავეშურე და მინდოდა, რომ თითოეულ მათგანს გულით ჩავხუტებოდი."
- კარგად გამოჩნდა, რომ თერთმეტმეტრიანებზე ნამუშევარი გქონდათ...
- "კი ბატონო, ვარჯიშებზე ამაზე ბევრს ვმუშაობდით. მითუმეტეს, წინა ეტაპზეც პენალტების სერიაში მოვიგეთ. პანენკას დარტყმა გეგმაში ნამდვილად არ გვქონდა, თუმცა ბარაბაძე თავის თავში დარწმუნებული იყო და მისმა ამ დარტყმამ ფსიქოლოგიური წნეხი მოგვიხსნა."

- სპაერი სულ რაღაც 7 წლის წინ დაარსდა და ყოველწელს პროგრესირებს. რა გზა განვლო გუნდმა აქადე მოსასვლელად?
- "ამ კლუბის განვითარებასა და აღორძინებაში უდიდესი წვლილი კახაბერ მაისურაძეს მიუძღვის. ის დაარსების დღიდან ამ გუნდის თავკაცი იყო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გუნდი განვითარებულიყო. კახა ფეხბურთელებს თავის მანქანაში ისვამდა და ვარჯიშებზე დაყავდა ხოლმე. წარმოიდგინეთ, მეხუთე ლიგიდან დავიწყეთ და ყოველ წელს მაღლა ავდიოდით. უმაღლესში გადასვლასთანაც 2-ჯერ ახლოს ვიყავით, თუმცა პლეიოფები წავაგეთ. თასის მოგება დაგეგმილი არ გვქონდა, მაგრამ ყველაფერი ისე მიეწყო, რომ ვთქვით, რატომაც არა? - მიზანი დავისახეთ და გამოგვივიდა."
- რეალურად რომ ვთქვათ, კლუბში დიდი ფინანსები არ არის და თან ლიგა 2-ში გამოდიხართ. ამის ფონზე, რამდენად რთული იყო ამ მიზნის შესრულება?
- "მარტივად გეტყვით, თამაშის წინ ჩემს ფეხბურთელებს გასახდელში მერაბ დვალიშვილის მაგალითი მოვუყვანე და მოტივაცია ამით მივეცი. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ დვალიშვილი საქართველოდან ამერიკაში წავიდა, არაფერი არ ჰქონდა, მის მეტოქეს შონ ო'მალის კი ფულიც ჰქონდა და სახელიც, თუმცა მერაბმა თავისი მებრძოლი ხასიათითა და შეუპოვრობით ის დაამარცხა. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. ფულით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, თუმცა ფულზე მაღლა სიყვარული და ერთიანობა დგას."

- ფაქტებით დასტურდება, რომ სპაერი ხელოვნურსაფარიან მოედანზე, საკუთარ კედლებში კარგად თამაშობს და თითქმის დაუმარცხებელია...უცებ კი გამოდიხართ ბუნებრივ საფარზე, ბევრი გულშემატკივრის წინ და თამაშობთ გადამწყვეტ მატჩს...
- "სწორად აღნიშნეთ, მოედანზე რომ გავდიოდით, ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ბუნებრივი საფარი იყო და არავინ იცოდა, როგორ წაგვივიდოდა თამაში, ამიტომ მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიგვეღო და ბევრი მაყურებლის წინ ლაღად გვეთამაშა. მეტიც, ბოლო რამდენიმე დღე ბუნებრივსაფარიანი მოედანი ვიქირავეთ და იქ ვვარჯიშობდით, რადგან ბუნებრივ საფარზე თამაში სულ სხვა სპეციფიკაა, ბურთიც უფრო სწრაფად მოძრაობს. ბევრისთვის ეს საოცნებო მატჩი იყო - ფინალი, ბევრი გულშემატკივრის წინაშე, ამიტომ მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ამ ოცნებისთვის ფრთები შეესხათ და სიამოვნება მიეღოთ."
- სპაერი საქართველოს სახელით კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, როგორია გეგმები?
- "ჩვენთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ევროასპარეზზე საქართველოს სახელი უნდა გავიტანოთ. რა თქმა უნდა, გაძლიერებას ვაპირებთ, რათა ამ მატჩებს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ."
ფოტო: სფფ









