9-წლიანი ისტორია სრულდება, ჯან პიერო გასპერინი ატალანტას ტოვებს! იტალიელი სპეციალისტი კლუბის უფროსობას რამდენიმე საათის წინ შეხვდა, სადაც გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. 67 წლის იტალიელს გუნდის დატოვება წინა წელსაც სურდა, თუმცა მაშინ ატალანტას ხელმძღვანელობამ გამოცდილი მწვრთნელი მაინც შეინარჩუნა.
ჯან პიერო გასპერინი ატალანტაში 2016 წლიდან მოყოლებული მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 439 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 228 მოიგო, 101 ფრედ დაასრულა და 110-ჯერ დამარცხდა. გასპერინიმ ატალანტასთან ერთად 2023/24 სეზონში ევროპა ლიგის მოგებაც მოახერხა.
სად გააგრძელებს გასპერინი კარიერას?
როგორც იტალიური გამოცემები იუწყებიან, ჯან პიერო გასპერინის რომაში ელოდებიან! დიახ, მხარეები გარიგებაზე უკვე რამდენიმე დღეა, რაც მუშაობენ და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, საბოლოო შეთანხმებაც შედგება.
დედაქალაქური კლუბი, რომ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებდა, ამის შესახებ უკვე დიდი ხანია, რაც იწერებოდა — კლაუდიო რანიერი "ჯალოროსის" დროებითი მთავარი მწვრთნელი იყო და მისი გუნდში დარჩენა თავიდანვე გამოირიცხა. განიხილებოდა ნუნუ ეშპირიტუ სანტუს კანდიდატურაც, თუმცა როგორც ჩანს რომაელებმა გასპერინის სიტუაციით ისარგებლეს და გამოცდილ სპეციალისტთან მოლაპარაკებები დაიწყეს.
რომას უფროსობა და გასპერინი საბოლოო შეთანხმებას უახლოეს დღეებში შეეცდებიან. როგორც ცნობილი ხდება, “ჯალოროსი” იტალიელ სპეციალისტს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. როგორც ჩანს, რომა 2025/26 სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა.









