GCL-ის პირველ ღონისძიებას გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საინტერესო ივენთზე 11 დაძაბული ბრძოლა შედგა. ღონისძიება გრეპლინგის 3 შეხვედრით გაიხსნა.
მეინ ქარდზე ქართველ მებრძოლებს უცხოელი მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ, სამივე ბრძოლა, ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
ლეგენდარულმა ქართველმა მებრძოლმა, 45 წლის შოთა ბეთლემიძემ თურქი მებრძოლი, ოზგურ ოზპოლატი რამდენიმე წამში დაამარცხა, ეს ბეთლემიძის 30-ე გამარჯვებაა.
ბაჩუკი ჭიკაიძემ თურქი ოზგენელს მოუგო, ლუკა მარიამიძემ კი აზერბაიჯანელი კარიმოვი საბმიშენით დაამარცხა.
ორგანიზაციის პრეზიდენტის, ვალერი კოღუაშვილისა და ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ბოჭორიშვილის თქმით, GCL-ის მთავარი მიზანი სპორტის პოპულარიზაციასთან ერთად, ლიგის განვითარება და ფართო ასპარეზზე გასვლაა.
GCL-ის მორიგი ღონისძიება 3 აპრილს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
შვიდი რეგიონის მოვლის შემდეგ, ორგანიზაცია წლის ბოლოს გრანდიოზულ ღონისძიებას თბილისში გამართავს, სადაც უცხოელი სპორტული აგენტები ჩამოვლენ, რათა გამორჩეულ სპორტსმენებს დააკვირდნენ და მსოფლიო დონის ორგანიზაციებისში ასპარეზობის შესაძლებლობა მისცენ.









