სერია A-ს მეოთხე ტურში, პიზასთან გამარჯვების შემდეგ, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"ასეთი მატჩების მოგება მარტივი არ არის და ამის შესახებ ჩემს ფეხბურთელებს მთელი კვირის განმავლობაში ვაფრთხილებდი. პიზას ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს და კარგად ვიცოდი, რომ თუნდაც სახლში, 3 ქულის აღება მარტივი არ იქნებოდა.
მიმდინარე სეზონი? როდესაც მკერდზე სკუდეტოს სიმბოლო გაქვს, ეს ყველა ფეხბურთელს ამძიმებს და დიდ მოლოდინებს ქმნის. ვფიქრობ, სხვა კლუბებისგან განსხვავებით, ჩვენ ბოლომდე მზად არ შევხვდით ახალ სეზონს. ძალიან ბევრი ახალწვეული გვყავს და თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვუმატოთ, გავიზარდოთ, რადგან ბევრი ფეხბურთელის დონე ასამაღლებელია. სასურველ კონდიციებამდე მისვლას დიდი დრო დასჭირდება.
გამუდმებით მესმის ხალხისგან, რომ ნაპოლის შესანიშნავი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ბევრი ფეხბურთელის დამატება ავტომატურად კარგ სატრანსფერო ფანჯარას არ ნიშნავს. ვფიქრობ, ეს ყველაზე რთული სეზონი იქნება, რადგან 9 მოთამაშე დავიმატეთ და დიდი მოლოდინები შევქმენით.
სხვა კლუბებს როგორც შიდა ჩემპიონატში და ევროტურნირებზე ერთად თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ, რაც ნაპოლის არ აქვს. სხვა კლუბებს ჩამოყალიბებული სტრუქტურა აქვთ, წლები აშენებდნენ იმას, რაც დღეს აქვთ, სწორედ ამიტომ არ იქნება მარტივი სეზონი. ჩემი ფეხბურთელები კვირაში ორ თამაშს მიჩვეულები არ არიან. ამას სჭირდება ძლიერი ფიზიკა და ფსიქიკა. ბევრი იმედგაცრუება გველოდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საბოლოო ჯამში წარმატებული სეზონი გამოვიდეს."
ანტონიო კონტეს გუნდს 4 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და სერია A-ს უდანაკარგოდ ლიდერობს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ნაპოლი პირველ ტურში მანჩესტერ სიტისთან 2-0 დამარცხდა.









