არაბიძე ისეთ ფორმაშია და ისეთი სტატისტიკა აქვს, ნაკრებში მისი ხილვა უსაფუძვლო არ იქნებოდა, თუმცა ამის განხილვა ახლა უდროოა. თვალი გადავავლოთ არაბიძის მიერ განვლილ გზას.
2017 წელს, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, სხვა ქართველი ტალანტების მსგავსად, არაბიძეც გამორჩეული იყო და გულშემატკივარმა სწორედ მაშინ გაიცნო. დონეცკის შახტარის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. მას ისეთ გამორჩეულ ფეხბურთელებთან ერთად უწევდა ყოფნა, როგორებიც დარიო სრნა, ფრედი, რაკიცკი და სხვები არიან.

უკრაინულ გუნდში ის იმდენად გამორჩეული იყო, რომ "ქართველი მესი" უწოდეს და ამ ზედმეტსახელს 100%-ით ამართლებდა. 2017 წელს, ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 2018 წელს, ერთა ლიგაზე, ყაზახეთთან მატჩში არაბიძე ნაკრებთან ერთად იყო, მატჩის წინ კი მოულოდნელად განაცხადიდან ამოიღეს. ამის შემდეგ, ის ნაკრებში აღარ გვინახავს...
შახტარიდან მისი კარიერა პორტუგალიურ ნასიონალში გაგრძელდა, სადაც მწვრთნელი ვარჯიშებზე მისით აღფრთოვანებული იყო და 7-ნომრიანი მაისურიც მისცეს. მაშინ, ნასიონალის 7 ნომრობა სახუმარო არ იყო - წლების წინ, ნასიონალში ამ მაისურით ლეგენდარული კრიშტიანო რონალდუ კარიერის საწყის ეტაპზე თამაშობდა.
სამწუხაროდ, ოჯახური და სხვა პრობლემების გამო, არაბიძის კარიერა იქ ისე ვერ აეწყო, როგორც ველოდით და ამის შემდეგ დაიწყო დაღმასვლა. ყველას ეგონა, რომ ყველა სხვა ქართველი ფეხბურთელის მსგავსად, საქართველომ კიდევ ერთი დიდი ტალანტი დაკარგა. 2-3 წლის განმავლობაში, არაბიძე ფეხბურთს სტაბილურად ვერ თამაშობდა, იყო ტრავმებიც.
დაკარგული ტალანტი საქართველოსთვის ახალი ხილი არ არის, ამიტომ არაბიძის გაქრობას მარტივად შევეგუეთ, მაგრამ დღეს მივიღეთ სურათი, რომელიც ჩვენს რეალობაში უპეცენდენტოა - ტალანტი, რომლისაც გვეიმედებოდა, მოლოდინები ვერ გაამართლა და დაიკარგა, წლების შემდეგ ყველაფერი 0-დან დაიწყო და დღეს საოცარ ფორმაშია. ძნელად გასახსენებელია ფეხბურთელი, რომლის ტალანტი ჩაქრა და თავიდან გაბრწყინდა. არაბიძე იშვიათი მათგანია. მისი სათამაშო უნარი, ის, თუ რა შეუძლია მოედანზე, ისედაც ყველამ კარგად ვიცით და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

არაბიძის კარიერის თავიდან დაწყება სამტრედიას უკავშირდება. როცა ამ გუნდში მივიდა, წონაში იყო, მაგრამ კლასი მაინც ჰქონდა. ვარჯიშებზე მისი თამაშის ხილვის საშუალება გვქონდა და ნამდვილად "ქართველი მესი" იყო. ერთხელ ვარჯიშზე გოლი ერთი სტადიონიდან მეორეზე გაიტანა. მოკლედ რომ ვთქვათ, სამტრედიაში ფორმაში შევიდა და წავიდა ტორპედოში, სადაც უკვე მესამე სეზონს ატარებს და ყოველ მატჩში სანახაობას გვთავაზობს.
ზამთარში, ტორპედოს შემოთავაზებები ჰქონდა და არაბიძის სანაცვლოდ დიდ თანხასაც იხდიდნენ. თუ ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ქართველი ფეხბურთელი 1-2 გოლს გაიტანს და ქართული კლუბები მას მაშინვე ყიდიან, ტორპედოს ხელმძღვანელობა სხვანაირად მოიქცა და კარგი შემოთავაზებების მიუხედავად, არაბიძე შეინარჩუნა, რათა გუნდს ევროტურნირებსა და შიდა ჩემპიონატში დაეხმაროს. მსგავს მენეჯმენტს რომ ხშირად მივმართავდეთ და ბირთვს ვინარჩუნებდეთ, ვინ იცის, იქნებ ევროტურნირებზეც გავიდეთ ხოლმე.

არაბიძემ ბოლო 2 წელში იმდენი ქნა, რომ ახლა კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია, არც წონას უჩივის და მხოლოდ ფეხბურთზეა ორიენტირებული. იმასაც ამბობენ, ხასიათის გამო არ იძახებენო და ინტენსივობა აკლიაო. სწორედ ეს მტკიცე ხასიათი და მენტალობა იყო გადამწყვეტი, რის გამოც 26 წლის შემტევი დიდ ფეხბურთს დაუბრუნდა, რადგან ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურ მდგრადობასაც მოითხოვს. ინტენსივობას რაც შეეხება, თუ მის თამაშებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ არაბიძე დაცვასაც აქტიურად ეხმარება. ამის მაგალითია, ეროვნული ლიგის პირველი ტური, სადაც ტორპედო სამტრედიას 4:1 უგებდა, ბოლო წამებზე სამტრედიის შეტევის დროს, არაბიძემ დაცვის დასახმარებლად 70-მეტრიანი სპრინტი გააკეთა.
შეიძლება ვთქვათ, რომ არაბიძე სანაკრებო კადრია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვილი სანიოლს ვერ გავაკრიტიკებთ, არაბიძის ნაკრებში გამოუძახებლობის გამო, რადგან ფრანგმა სპეციალისტმა ყველასთვის სასურველი შედეგი დადო. შედეგი, რომელსაც მთელი საქართველო წლები ელოდა, მისი ხედვისა და გადაწყვეტილების შედეგი იყო. გულშემატკივრისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეცმევა ნაკრების მაისური - კვარაცხელიას, არაბიძეს თუ ვინმე სხვას, ჩვენთვის მთავარია ყველამ ითამაშოს საქართველოსთვის და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. სანიოლის კრიტიკა რომელიმე მოთამაშის არ გამოძახებაზე კი სრულიად უსაფუძვლო იქნება.
თუმცა ფაქტი ისაა, რომ არაბიძემ შეძლო ის, რაც ქართულ ფეხბურთში შეუძლებელია - აჯობა საკუთარ თავს, ყველაფერი 0-დან დაიწყო, რაც დასაფასებელია - "ქართველ მესიზე" დღეს კვლავ ყველა საუბრობს.












