დღეს ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მომდევნო ორი მატჩისთვის. ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს უკრაინას პოლონეთში ეთამაშება, 14 ოქტომბერს კი თბილისში ალბანეთს უმასპინძლებს.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მომავალი მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ერთი დებიუტანტი, სარაევოს ფორვარდი, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი.
გიორგი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა. გულიაშვილმა U21 ნაკრებში 20 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. 21 წლამდე ნაკრებთან ერთად კი თბილისში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც ითამაშა.
ქართველი ფორვარდი “საბურთალოდან” "სარაევოში" 2023 წლის იანვარში გადაბარგდა, აგვისტოდან კი იჯარის წესით „ველეჟ მოსტარში“ გადავიდა. მიმდინარე წლის ივნისში გიორგი "სარაევოს" დაბრუნდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. 23 წლის ქართველი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, 8 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.
გიორგი გულიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შესახებ LaGazzetta dello Sport Georgia-სთან ისაუბრა:
- გილოცავთ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას, როცა გაიგეთ რა რეაქცია გქონდათ?
- ჩემთვის ყველაზე დიდი ოცნება, როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშია. რაც შეეხება, პირველ ემოციებს, ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა მოხვდე იქ, სადაც ბავშვობიდან ოცნებობ, ამიტომ ამ საოცარი ემოციებისა და იმის, რასაც ახლა ვგრძნობ სიტყვებით გადმოცემა ძნელია.
- ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ელოდით?
- ყოველთვის ვცდილობდი ფოკუსირება გამეკეთებინა და ბევრი მემუშავა საკუთარ თავზე, რასაც თამაშებში ვაჩვენებდი. აქამდე ყველა ასაკობრივ ნაკრებში მქონდა შესაძლებლობა რომ მეთამაშა ამჟამინდელი ნაკრების ძირითად ნაწილთან ერთად, რაც დიდი გამოცდილებაა ჩემთვის და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დამეხმარება.
- რა იქნება თქვენი მთავარი მიზანი ეროვნულ ნაკრებთან ერთად?
- მოლოდინს რაც შეეხება, როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელის, ასევე ჩემი მთავარი მიზანია, ეროვნულ ნაკრებთან ბევრ წარმატებას მივაღწიო და ჩვენი ერთგული გულშემატკივარი გავახაროთ.
ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. 2 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 6 ქულით პირველ ადგილზეა.
შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა ჩეხეთს და ალბანეთს სძლია. საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს უკრაინას პოლონეთში ეთამაშება, 14 ოქტომბერს კი ალბანეთს მიხეილ მესხზე უმასპინძლებს.














