LaGazzetta.ge ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ონიანს დაუკავშირდა და ახალი სეზონის მოლოდინებზე ესაუბრა.
როგორ ჩაიარა გუნდის მოსამზადებელმა ეტაპმა?
"საკმაოდ ნაყოფიერად. მომზადება საქართველოში გავიარეთ, ამხანაგური მატჩები ჩავატარეთ, ახალწვეულები გვყავს და საბოლოო ჯამში, შეკრებას დადებითად შევაფასებდი. მთავარია, რომ არის მონდომება და დანარჩენს დრო გვაჩვენებს."
გაგრას მთავარი მწვრთნელის სტატუსი უკვე ოფიციალურად გაქვთ. არის თუ არა ეს ორმაგი პასუხისმგებლობა?
"მოტივაციის და პასუხიმსგებლობის ნაკლებობა არც შარშან მქონდა, თუმცა ეს ნამდვილად სასიამოვნოა. ლიცენზიის პრობლემა იყო, ყველაფერი მოგვარდა და კიდევ ვიმეორებ, სასიამოვნოა გაგრას მთავარი მწვრთნელის რანგში ყოფნა."
გასულ სეზონში გაგრას მთავარი მიზანი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ახალ სეზონში?
"პროგრამა მინიმუმი ისევ ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა თუ 5-ეულში შევალთ, რატომაც არა? მიზანი რაც შეიძლება მაღალი პოზიციის დაკავებაა, მაგრამ ჩვენი რესურსიდან გამომდინარე, მთავარი გეგმა მაინც ადგილის შენარჩუნებაა."

გუნდი დაკომპლექტდა და ვხედავთ, რომ ლეგიონერებისა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზი მივიღეთ...
"გამოცდილი ფეხბურთელების გუნდში ყოფნა აუცილებელია, რადგან სხვები მათგან მაგალითს აიღებენ, ისწავლიან და გამოცდილებას მიიღებენ. გვყავს კარგი ლეგიონერები და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც, რომელთაც თავის კარგად გამოჩენა და მომავალში მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. ჩემი აზრით, თუ გუნდი სტაბილური უნდა იყოს, გამოცდილი მოთამაშეები აუცილებელია."
ამ გამოცდილ ფეხბურთელებს შორისაა თორნიკე ოქრიაშვილიც..
"თორნიკეს კლასი და ხარისხი ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ შევეცდებით, რომ ის ძველ კონდიციებში ჩავაყენოთ და თავისი მაღალი დონის ხარჯზე გუნდს დაეხმაროს. როცა გაგრაში ასეთი დონის ფეხბურთელი ვარჯიშობს და თამაშობს, ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითი და გამოცდილებაა."
პირველ ტურში ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ტორპედოს ეთამაშებით, როგორ შეაფასებდით შანსებს?
"ფიზიკურად და ტაქტიკურად მომზადებულები ვართ. რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია, თუმცა დანარჩენი მოთამაშეები მზად არიან, რომ მაქსიმუმი გაიღონ. ტორპედო საკმაოდ ძლიერი გუნდია და ჩვენთვის ეს კარგი გამოწვევაა."










