დღეს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პირველი მატჩი გამართა და თურქეთის ნაკრებთან 1:3 წააგო. სადებიუტო მატჩის შესახებ, საქართველოს ნაკრების წევრმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა:
„პირველი თამაში იყო ევროპის ჩემპიონატზე, შევეცადეთ მაქსიმუმი ჩაგვედო, გუნდურად ვიმუშავეთ. ახალა შევეცდებით დღეს დაშვებული შეცდომები გავაანალიზოთ, ძალები აღვიდგინოთ და ძალიან კარგად მოვემზადოთ მორიგი თამაშისთვის.
როცა თამაშში ვარ ვერ ვიღებ ემოციას, ვცდილობ მე გავცე ეს ემოცია. ვიცი, რომ გულშემატკივარი ყოველ წამს ჩვენ გვერდით იყო, გვესმოდა მათი ხმა. მადლობა სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს და მადლობა მათ, ვინც აქ ჩამოსვლა ვერ მოახერხა და ტელევიზიით გვგულშემატკივრობდა.
დანებებით არ დავნებებულვართ, ბოლო გოლის მომენტს რაც შეეხება, გიორგი მამარდაშვილის კარგიდან გამოსვლა და მთელი გუნდით მეტოქის ნახევარზე გადასვლა, იმის მაგალითი იყო, რომ ჩვენ ვიბრძვით ქულისთვის და არა იმისთვის, რომ რაიმე დავკარგოთ. ყოველი ქართველი, როდესაც რამეს ვაკეთებთ, უკეთესობისთვის ვაკეთებთ და გიორგის სახით ვცადეთ გოლის გატანის მეტი შესაძლებლობა გვქონოდა.
ჟორჟ მიქაუტაძე მაღალი დონის თავდამსხმელია და რჩევა ვკითხე, იმ მომენტში, როცა მოწინააღმდეგე მოვატყუე, ცოტა დავაყოვნე, უფრო მალე რომ დამერტყა შეიძლება გოლი გამეტანა, მაგრამ ეს ის რაღაცებია, რასაც სწავლობ ასეთი დონის თამაშებიდან. შევეცდები ეს გავაანალიზო და შემდეგ თამაშზე, თუ მექნება შესაძლებლობა, გოლი გავიტანო".
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მორიგ შეხვედრას 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
Lagazzetta.ge-ს მხარდამჭერი ევროპის ჩემპიონატის გაშუქებისას არის საქართველოს სპორტულ ჟირნალისტთა ასოციაცია და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინოსტრო









