8 ნოემბერს, ბუნდესლიგის მე-10 ტურის ფარგლებში ჰამბურგი საკუთარ კედლებში დორტმუნდის ბორუსიას მიიღებს. ისტორიული დაპირისპირების წინ, Nur Die Raute-მ ქართველ განაპირა მცველს სტატია მიუძღვნა. გამოცემამ ხაზი გაუსვა "როტოზენის" შედეგებს წელს, დონეცკის შახტარის საკუთრებაში მყოფ ფლანგელთან ერთად და მის გარეშე.
ჰსვ-მ 24 წლის მარჯვენა მცველის გარეშე მიმდინარე სეზონში ჩაატარა სამი მატჩი, რომელშიც ერთი ქულაც ვერ მოიპოვა. მასთან ერთად კი ფოლკსპარკშტადიონის ბინადრებმა 6 შეხვედრაში მოიპოვეს 8 ქულა: 2 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება. დიახ, როგორც ვხედავთ, მარცხს გერმანული კლუბი ვერც თავისი მე-16 ნომრის გარეშე გადაურჩა, მაგრამ აქ გვხვდება ერთი საინტერესო დეტალი.
მატჩებში, რომელშიც მერლინ პოლცინის გუნდი დამარცხდა, მოწინააღმდეგეები იყვნენ მიუნხენის ბაიერნი და ლაიფციგი - გამოკვეთილი ფავორიტები მე-2 ლიგიდან აღზევებული ჰამბურგის მიმართებაში. წინ ვესტფალიელებთან შეხვედრაა და საინტერესოა უშველის, თუ არა "როტოზენს" გოჩოლეიშვილის მოედანზე ყოფნა.









