2024 წლის ზამთარში არტურო ვიდალი 17-წლიანი განშორების შემდეგ, მისთვის მშობლიურ სანტიაგოს კოლო-კოლოში დაბრუნდა. გულშემატკივრებმა ჩილელ შუახაზელს მოუწყვეს გრანდიოზული დახვედრა, მაგრამ დრომ აჩვენა, ვეტერანი შუახაზელის ქამბექმა "ბელადებს" კარგი არაფერი მოუტანა.
მივყვეთ ქრონოლოგიურად, თუ რით დაიმსახურა ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ნახევარმცველმა სტადიო მონუმენტალზე დამსწრე გულშემატკივართა კრიტიკა. 38 წლის შუახაზელმა კოლო-კოლოში დაბრუნებისთანავე გახსნა საკუთარი ონლაინ ბეთინგ პლატფორმა და დროის უმეტეს ნაწილს ის თავისი ბრენდის რეკლამირებაში ატარებს.
"ელ რეი" მუდმივად რთავს სტრიმებს, რომელზეც ის აზარტული თამაშების პოპულარიზაციით არის დაკავებული. რაც შეეხება მის "გმირობებს" უშუალოდ საფეხბურთო მოედანზე, დეპორტეს იკიკესთან შეხვედრაში სანტიაგოელთა 23-ე ნომერმა ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი, გაიტანა ავტოგოლი, შემდეგ კი ეჩხუბა თავისი გუნდის გოლკიპერს, ფერნანდო დე პოლს.
ვიდალმა მიიღო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია, რის გამოც ორი უმნიშვნელოვანესი თამაშიც გამოტოვა. ამის გარდა, ვეტერან ნახევარმცველს გაფუჭებული აქვს ურთიერთობა როგორც "ბელადთა" თავკაცთან, ისე გუნდის მოთამაშეებთანაც. გავრცელებული ინფორმაციით, ჩილელი შუახაზელი თავად წყვეტს, როდის ითამაშოს და როდის, არა.
ასევე გამოსარჩევია არტუროს პოლიტიკური განცხადებები, აბსურდული კომენტარები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასწავლა მან ფეხბურთის თამაში ტონი კროოსს და ბურგერების რეკლამები. მონუმენტალის ბინადრების ქომაგებისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი არის ის, რომ "ბიანკონერის" ყოფილი შუახაზელი ამ ყველაფერს კლუბის 100-წლიან იუბილეზე აკეთებს.
ამის გარდა, 38 წლის ნახევარმცველის დაბრუნებამდე, კოლო-კოლო გახდა ჩემპიონი, მისი გადმოსვლის შემდეგ კი ცხრილის შუა ნაწილამდე დაეშვა. სეზონი დასრულებულია, "ელ რეიმ" აიღო შვებულება და გაემგზავრა კოლუმბიაში, სანტიაგოელი ქომაგები კი სოციალურ ქსელში მას თხოვენ, რომ აღარ დაბრუნდეს.









