სეზონის პირველ დერბი დელა მადონინაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მილანის ფეხბურთელმა ალექსის სალმაკერსმა მედიასთან ისაუბრა.
"მილანში უკეთეს დაბრუნებაზე ვერც კი ვიოცნებებდი. გასული ორი წელი მილანიდან შორს ვიყავი, მაგრამ ორივე იჯარა განვითარებაში ძალიან დამეხმარა. მილანთან დიდი სიყვარული მაკავშირებს და კლუბში დავბრუნდი მეტი პასუხისმგებლობით და მიზნებით.
გულშემატკივრები სკუდეტოს ითხოვენ? მილანში გადმოსვლის პირველივე დღიდან გავიაზრე, რომ ეს კლუბი დიდი მიზნებისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებდა. დერბი ინტერთან? ამ მატჩის მნიშვნელობაზე თავიდანვე ბევრს მესაუბრებოდნენ და ეს ყველაფერი თავში ჩამრჩა. ვიცი, რომ ეს ისეთი თამაშია, რომელიც უბრალოდ არ უნდა ითამაშო, არამედ უნდა მოიგო. ამიტომაც გავდივართ მოედანზე ყოველთვის ამ მენტალიტეტით და დღესაც დავამტკიცეთ ეს.
ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელმაც გასულ წლებში ბევრი ტიტული მოიგო. ალეგრიმ კარგად იცის, რა არის საჭირო გამარჯვებისთვის და რაც მთავარია, გუნდში ისეთი კარგი განწყობაა, როგორიც 2022 წელს იყო და მაშინ სკუდეტო მოვიგეთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და უნდა დავამტკიცოთ, რომ ძლიერები ვართ და შეგვიძლია წარმატების მიღწევა."
მილანს 12 ტურის შემდეგ 25 ქულა აქვს და ლიდერ რომას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ალექსის სალმაკერსს, ბელგიელის ანგარიშზე ამ სეზონში 14 ჩატარებული მატჩი, 2 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.









