გამონაკლისი არც ეს ინტერვიუ ყოფილა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ. მათ შორის, ლეგენდების მატჩის თემას. მოგეხსენებათ, 7 მარტს, ბათუმში, ინტერის ლეგენდები ჩამოდიან და საქართველოს ნაკრების ლეგენდებს დაუპირისპირდებიან, სადაც არველაძეც ითამაშებს.
"ასეთ ღონისძიებებზე თამაში სხვადასხვა ქვეყნებში ხშირად გვიწევდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მსგავსი პროექტი საქართველოშიც გაგვეკეთებინა. პირველი მატჩი ინტერთან გვაქვს. ინტერი საოცარი გუნდია, სადაც დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ფაქტობრივად, რონალდოს და იბრაჰიმოვიჩის გარდა, ყველა ის ლეგენდა ჩამოვა, ვისაც ამ გუნდში უთამაშია."
- როგორ ფორმაში ხვდება შოთა არველაძე ამ მატჩს?
- "სიმართლე გითხრათ, რამდენიმე თვეა ფეხბურთი არ მითამაშია, მაგრამ თამაშამდე 10 დღით ადრე მზადება უნდა დავიწყო, რათა კარგ ფორმაში შევიდე. გოლის გატანა? ბოლოს ლეგენდების მატჩში რეინჯერსის მაისურით გავიტანე და ისევ ეგრე თუ გავფრინდი, ალბათ ვეღარ ავდგები (იცინის)."
შოთა არველაძე ამჟამად კარაგუმრუკის მთავარი მწვრთნელია. წარუმატებელი სადებიუტო მატჩების შემდეგ, არველაძის გუნდმა ბოლო პერიოდში მოუმატა და ზედიზედ 4 საშინაო გამარჯვება მოიპოვა...
- "შედეგები გამოსწორდა, მაგრამ ჯერ ჩემს გუნდს ისე ვერ ვათამაშებ, როგორც მინდა. ვცდილობ, რაღაც ახალი დავნერგო და ვნახოთ, რა გამოვა, ამას დრო სჭირდება. ბევრი ფეხბურთელი აფრიკის თასზე იყო წასული, ხელი ამანაც შეგვიშალა. გასავარდნ ზონაში ვართ, ფეხბურთელებს სტრესის ქვეშ უწევთ თამაში და ეს ყველაფერს ართულებს. სუპერლიგაში აუცილებლად უნდა დავრჩეთ."
- როგორც ვიცი, თქვენს ამჟამინდელ გუნდში ქართველი ფეხბურთელების წაყვანას აპირებდით...
- "დიახ, მინდოდა რამდენიმე ქართველი წამეყვანა, მაგრამ, რატომღაც, არ გამოვიდა. მაგალითად, ჩაკვეტაძის აყვანა მინდოდა, ვუთხარი, სათამაშო პრაქტიკა გექნება, ფორმაშიც შეხვალთქო. ჩაკვემ მთხოვა, ცოტა ხნით დამელოდე უოტფორდს ველოდებიო. რა თქმა უნდა, როცა ფეხბურთელს ინგლისიდან აქვს შემოთავაზება და იცის, რომ სათამაშო დრო ექნება, ხელს ვერ შევუშლი. უოტფორდი ჩაკვეტაძეს სათამაშო დროს და გამოსყიდვას დაჰპირდა, ეს პირობა შეასრულეს და ძალიან სასიამოვნოა."

ბოლო პერიოდში, ჩაკვეტაძე საოცარ ფორმაში შევიდა. ქართველ ფეხბურთელს უოტფორდის მწვრთნელი ენდობა, ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაშია და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.
- "ინგლისის ჩემპიონშიფი ერთ-ერთი გამორჩეული ლიგაა, თავისი სისწრაფეებითა და ფიზიკურობით. ფაქტობრივად, იქ პრემიერ ლიგის გუნდები თამაშობენ. ჩაკვეტაძე ამ ლიგაში კარგად თამაშობს და დიდი შანსია, აქედან უფრო დიდ გუნდში წავიდეს. მას შეუძლია მარტის მატჩებში ჩვენს ნაკრებს გამარჯვებაში დაეხმაროს."
- რახან ნაკრები ახსენეთ, მოახლოებულ მატჩებზეც ვისაუბროთ, სადაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვაქვს.
- "მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია პირველ მატჩში არ იქნება, ნაკრებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ დანარჩენი ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ გუნდებში საკმაოდ წარმატებულად თამაშობენ. ლუქსემბურგს აუცილებლად უნდა მოვუგოთ, ფინალში კვარაც დაგვემატება და შანსები გაიზრდება. იდეაში, კვარაცხელია იმხელა ძალაა, რომ მეტოქე ვინც არ უნდა გვყავდეს, ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. იმავეს ვიტყოდი ჩაკვეტაძეზეც. ამ 2 ფეხბურთელს ლიდერობის აღება და თამაშის მარტო მოგება შეუძლიათ - წაიღო ბურთი, დაარტყა, გაიტანა - მათთვის ეს ნებისმიერ მეტოქესთან მარტივი ოპერაციაა."

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის ნახევარფინალის ფარგლებში, 21 მარტს, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება თბილისში. მოგების შემთხვევაში კი ფინალში ითამაშებს, სადაც ჩვენი მეტოქე ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებული იქნება, აღნიშნული მატჩით შანსი გვაქვს, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო, კვარაცხელია ლუექსემბურგთან მატჩს გამოტოვებს.
- კვარაცხელია რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ერთ-ერთი საუკეთესოა მოთამაშეა, უკვე ვიცით. თქვენი აზრით, რამდენად სწორად ვითარდება კვარაცხელიას კარიერა. ხომ არ ჯობდა, ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ, უკეთეს გუნდში გადასულიყო?
- "გასულ სეზონზე კვარაცხელია სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მეტი როგორ უნდა განვითარდეს? წელს კვარაცხელია იმაზე უკეთ თამაშობს და მოედანზე იმაზე გამორჩეულია, ვიდრე ზოგადად ნაპოლი და საქართველოს ნაკრები. გუნდი ვერ იგებს, კვარაცხელია მაინც საუკეთესოა. კვარა უკეთესია, ვიდრე ნაპოლი. ყოველ კვირა ტოპ დონის გუნდებს ეთამაშება, იმის იქით როგორ განვითარდეს? გასაგებია, რომ ნაპოლის ცუდი შედეგები აქვს, მაგრამ როგორც გითხარით, ხვიჩა გუნდზე მაღლა დგას და ასეთ დროს, მისი სათამაშო ხარისხი უფრო მკაფიოდ ჩანს."

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, ზაფხულში, აიაქსში გადავიდა და ქართველ გულშემატკივარს დიდი მოლოდინი შეექმნა. მიქაუტაძისგან ყველა წარმატებულ თამაშს ელოდა, მაგრამ იქ მისი კარიერა ვერ აეწყო. როგორც აიაქსის ყოფილ ფეხბურთელს, არველაძეს აზრი ამასთან დაკავშირებითაც ვკითხეთ.
- "ამ მხრივ, აიაქსი რთული კლუბია. ისე გამოუშვეს, თავდამსხმელის პოზიციაზე ერთხელაც არ ათამაშეს. მახსოვს, ჩვენთან ქინქლაძეც რომ მოვიდა, თავის პოზიციაზე არასდროს დაუყენებიათ. ასეთი ისტორიისა და ასეთი დონის კლუბებში მსგავსი შემთხვევები ხშირია - შეიძლება მოგიყვანოს, მაგრამ მაინც სხვა ფეხბურთელები ჰყავდეს ამოჩემებული და ისე გაგიშვას, არც კი გათამაშოს. ვფიქრობ, ეს დროის საკითხია - მგონია, რომ მიქაუტაძე მეცში გოლებს გაიტანს, აიაქსში დაბრუნდება და უკვე მაღალ დონეზე ითამაშებს."
- აიაქსის ხელმძღვანელობას თუ ჰქონდა პირადი კომუნიკაცია თქვენთან, მიქაუტაძის ტრანსფერზე?
- "დიახ, ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და სუარესს ვადარებდი. ვუთხარი, ბევრ გოლს გაიტანსთქო, მაგრამ სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მიეცა...
ზოგადად, ასე ხშირად ხდება, შეიძლება ფეხბურთის თამაში გინდოდეს და ამის ხასიათიც გქონდეს, მაგრამ ხელი სხვა ფაქტორებმა შეგიშალოს. მაგალითად, გახოკიძე პსვ-ში თამაშობდა, ხასიათიც ჰქონდა, ყველაფერი, მაგრამ იმდენი ტრავმა მიიღო, რომ თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონია."
შეგახსენებთ, რომ არველაძემ კარაგუმრუკი 2023 წლის ბოლოს ჩაიბარა, 13 მატჩი ჩაატარა, 5 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. არველაძის გუნდს ამჟამად 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.










