ბრძოლისუნარიანობა, საფეხბურთო "სითავხედე", თანაგუნდელების დაზღვევა, ორთაბრძოლების მოგება და სისწრაფე - ეს ის მონაცემებია, რითიც გოგლიჩიძემ იტალიური კლუბი მოხიბლა. მსგავსი მონაცემების ცენტრალური მცველი თანამედროვე ფეხბურთში იშვიათად მოიძებნება.
რა გზა გაიარა გოგლიჩიძემ სერია ა-ში მოსახვედრად? - საქართველოს ჩემპიონატში მისი დებიუტი 2021 წელს შედგა. 17 წლის გოგლიჩიძემ იბერიას წინააღმდეგ ითამაშა. იმ პერიოდში, ტორპედოს ცუდი დრო ედგა და ახალგაზრდა მცველს თავისი შესაძლებლობების კარგად წარმოჩენა არ დასცალდა.

2022 წელს მან კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 9 თვის გამოტოვება მოუწია. ტრავმიდან დაბრუნებულ გოგლიჩიძეს სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა და ზუსტად 1 წლის წინ, იყო საუბრები, რომ ის სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სხვა ქართულ კლუბში იჯარით წავიდოდა, თუმცა ტორპედოში დარჩა, ეროვნულ ლიგაში მაღალი დონის მატჩები ჩაატარა და დღეს, ზუსტად ერთი წლის თავზე, სერია ა-ს მთავარი აღმოჩენაა.
გოგლიჩიძე ემპოლიში ყოფილი ფეხბურთელის, ლევან მჭედლიძის დახმარებით მოხვდა, რომელიც ამ გუნდში წლები თამაშობდა. გასულ წელს, თბილისში 21-წლამდელთა შეკრება იყო, როცა მჭედლიძე გოგლიჩიძესთან სასტუმროში მივიდა და ემპოლის შემოთავაზებისა და კონტრაქტის დეტალების შესახებ უთხრა.
პირველ სეზონში მას არ ენდობოდნენ და ძირითად გუნდში თამაში არ უწევდა. ზოგადად, თანამედროვე ფეხბურთში ასეთი მონაცემების ახალგაზრდას ერთი ბიძგი და შანსი სჭირდება, რათა მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდეს. გოგლიჩიზეს ეს შანსი წელს მიეცა და გამოიყენა.
"როდესაც გუნდში მოვედი, სრულფასოვნად ვარჯიში უჭირდა, მაგრამ როცა თამაშის შანსი მივეცი, ისე თამაშობს, თითქოს სერია A-ში მრავალი წელი აქვს გატარებული", - აცხადებს ემპოლის მთავარი მწვრთნელი რობერტო დ'ავერსა.

ტრავმიდან დაბრუნებული გოგლიჩიძე ეროვნულ ლიგაში იმდენად უშეცდომო და სტაბილური იყო, რომ 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, რამაზ სვანაძისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. საქართველოს ჩემპიონატიდან სერია ა-ში წასვლას მხოლოდ კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელები თუ მოახერხებენ. გოგლიჩიძე კი ემპოლიში იმდენად მოეწონათ, რომ მას წინასწარი კონტრაქტი გაუფორმეს.
მისი თამაშის სტილი რაფაელ ვარანის შეიძლება შევადაროთ, სწრაფი და მებრძოლი მცველი, რომელიც ყველგანაა, სადაც თამაშის მიმდინარეობა მოითხოვს.
გოგლიჩიძე ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და ჩეხეთთან მხოლოდ 3 წუთი ითამაშა. 20 წლის მცველმა სერია ა-ში თავისი შანსი გამოიყენა და ახლა ნაკრების დროა. გოგლიჩიძის ტიპის ფეხბურთელი სანიოლის ტაქტიკურ მონახაზში იდეალურად ჩაჯდება. 5-მცველიან ტაქტიკაში მარჯვენა ცენტრალური მცველი, რომელიც აზღვევს როგორც სხვა ცენტრალურ მცველებს, ისე განაპირა მცველს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გოგლიჩიძეს ისეთი ხასიათი აქვს, რომ თუ მას საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი მიეცა, ამასაც გამოიყენებს, ყველას აალაპარაკებს და თავის პოზიციაზე ნაკრების ისეთივე შეუცვლელი წევრი გახდება, როგორებიც კვარა, ჩაკვე, კიტე და სხვები არიან.
იტალიაში ქართული ფეხბურთის სახე მცველი უკვე გვყავს, რომელიც უმაღლეს დონეზე წლები თამაშობდა და 2 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ჯერი საბა გოგლიჩიძეზეა.











