საუდის არაბეთში ვნებათაღელვა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ პროტესტის გამო ალ-ნასრში თამაშზე უარს ამბობს. მიზეზი: რიადელთა პასიურობა სატრანსფერო ბაზარზე, კონკურენტი კლუბების გაძლიერების ფონზე. პირველ რიგში ეს ეხება ალ-ჰილალს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ალ-იტიჰადიდან ქარიმ ბენზემა გადმოიბირა.
აღსანიშნავია ის, რომ საუდი პრო ლიგას ლიდერობენ სწორედ "ლურჯები", რომლებიც ჟორჟე ჟეზუსის გუნდს ოთხი ქულით უსწრებენ. რიადელთა რიგებში გადასვლის შემდეგ, ფრანგმა ფორვარდმა აღნიშნა, დღეიდან ის დაიცავდა აზიური რეალ მადრიდის ღირსებას და ბევრმა მის სიტყვებში პორტუგალიელი ექს-თანაგუნდელის მისამართით წაკბენა ამოიკითხა.
რაც შეეხება სიმონე ინძაგის გუნდის ახალწვეული თავდამსხმელის დებიუტს, ის გამოდგა უბრალოდ ზღაპრული - გასვლით მატჩში ანგარიშით 6:0 განადგურებული ალ-ოხდოდი და ჰეთ-თრიქი ვეტერანი ფორვარდის მხრიდან. თუ "სამეფო კლუბში" პირველ პლანზე იყო ამ გუნდის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი და უკვე მის შემდეგ, საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილი მე-10 ნომერი, აზიაში საპირისპირო სცენარს ვხედავთ.









