საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენი გუნდი ტურნირამდე საწვრთნელ შეკრებას ლატვიის ქალაქ იურმალაში გადის.
საქართველოს ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით ემზადება, ამჟამად 16 კალათბურთელია შეკრებაზე, საიდანაც 12 ევრობასკეტზე გაემგზავრება.
ევროპის შემპიონატის შესახებ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ და ნაკრების წევრებმა ისაუბრეს:
"ძალიან კარგი პირობებია, რაც გვჭირდება ყველაფერი გვაქვს, ეს შეკრება ევრობასკეტამდე რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მეექვსედ ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე, ვიცით გულშემატკივარს დიდი მოლოდინი აქვს, იმედია, წარმატებით ვიასპარეზებთ და ქომაგებს გავახარებთ."
"საკმაოდ კარგად მიმდინარეობს ვარჯიში, სრულ მზადყოფნაში ვართ. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, გვინდა ევრობასკეტს კარგად მომზადებული შევხვდეთ და სწორედ ეს არის ამ შეკრებისა და ამხანაგური მატჩების მიზანი."
"ამ დროისთვის რამდენიმე მოთამაშე გვაკლია მიკროტრავმის გამო, იმედი გვავქს, მალე შემოუერთდებიან ნაკრებს. ახლოვდება პირველი ამხანაგური მატჩი, 4 აგვისტოს ისრაელის ნაკრებს ვეთმაშებით. ამ დროისთვის ტაქტიკურ მონახაზს ვამზადებთ კონკრეტული თამაშისთვის."
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპის ფარგლებში ექვს მატჩს გამართავს:
ისრაელი VS საქართველო - 4 აგვისტო
ესტონეთი VS საქართველო - 7 აგვისტო
ლიეტუა VS საქართველო - 10 აგვისტო
პოლონეთი VS საქართველო - 14 აგვისტო
ჩეხეთი VS საქართველო - 19 აგვისტო
ჩეხეთი VS საქართველო - 21 აგვისტო
ევრობასკეტ 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით შეიკრიბება და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები კვიპროსში, მასპინძელ ნაკრებთან, იტალიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს.









