მილანის ინტერი სიმონე ინძაგისთან ამჟამინდელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. მხარეებს სურთ იმ გზის გაგრძელება, რომელიც 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. იტალიელი ტაქტიკოსის მოქმედი ხელშეკრულება "ნერაძურისთან" გათვლილია 2025 წლის ივნისამდე, მისი წლიური ხელფასი კი 4.7 მილიონს შეადგენს.
ახალი კონტრაქტი გათვლილი იქნება 2027 წლამდე, "შავ-ლურჯების" მწვრთნელის ანაზღაურება კი შვიდ მილიონ ევრომდე გაიზრდება. კლუბის ხელმძღვანელობა 47-წლის ტაქტიკოსის მუშაობით კმაყოფილია. შეგახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით, მეაცას ბინადრებმა მოიგეს 2 იტალიის თასი და 3 იტალიის სუპერთასი.
ამის გარდა, ინძაგიმ თავისი გუნდი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, გეგმაშია ნანატრი მეოცე სკუდეტო, რომლის გაფორმებასთან ინტერი ძალიან ახლოს არის. მე-2 პოზიციაზე მყოფ ტურინის იუვენტუსთან სხვაობა ამ დროისთვის 12 ქულას შეადგენს.











