საუკეთესო მეკარე: მიკელე დი გრეგორიო (მონცა) - დი გრეგორიო მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, რომელმაც სერია ა-ში ჩაატარა 33 მატჩი, გაუშვა 35 ბურთი და 13 თამაშში კარი მშრალად შეინახა. როგორც ვიცით, მიკელე მომავალი სეზონიდან ტურინის იუვენტუსის ღირსებას დაიცავს.
საუკეთესო მცველი: ალესანდრო ბასტონი (ინტერი) - ბასტონი უკვე წლებია, რაც ინტერნაციონალეს განუყოფელი ნაწილია და წინა სეზონების მსგავსად, უმაღლეს დონეზე ჩაატარა 2023/24 წლების სეზონიც. ალესანდროს ანგარიშზეა 28 მატჩი, 1 ბურთი და 4 ასისტი.
საუკეთესო ნახევარმცველი: ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი) - არ იქნება გაბუქებული მოსაზრება, თუ ვიტყვით, რომ ჩალჰანოღლუმ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. წელს, ინტერის შუახაზის ლიდერი სწორედ ჰაკანი იყო. 31 მატჩი, 13 გოლი, 3 ასისტი, მაგრამ მისი უმაღლესი კლასი ციფრებით არ განისაზღვრება.
საუკეთესო თავდამსხმელი: დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) - ეს არ ყოფილა იუვენტუსის ფეხბურთელების გამორჩეული სეზონი, თუმცა ვლაჰოვიჩი გამონაკლისია. ტურინელთა ყველა პრობლემის მიუხედავად, დუშანმა 32 მატჩში 16 ბურთის გატანა მაინც მოახერხა.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ჯოშუა ზირკზე (ბოლონია) - გუნდების თვალსაზრისით სეზონის აღმოჩენა არის ბოლონია, ფეხბურთელების მხრივ კი ზირკზე, რომელსაც ტოპ კლუბების რიგი უკვე უდგას. ემილიელთა წარმატება ჯოშუას გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. მან წელს 34 მატჩში 11 ბურთის გატანაც მოასწრო.
საუკეთესო ფეხბურთელი: ლაუტარო მარტინესი (ინტერი) - ჯერ კიდევ სეზონის პირველ ნახევარში ნათელი იყო, რომ ლაუტაროს ბომბარდირთა რბოლაში კონკურენტი უბრალოდ არ ეყოლებოდა. ინტერის ნამდვილი ლიდერი, რომელმაც 33 მატჩში 24 ბურთი გაიტანა.
საუკეთესო მწვრთნელი: სიმონე ინძაგი (ინტერი) - სავსებით ლოგიკური ჯილდო. სერია ა-ს დომინანტი მიმდინარე სეზონში იყო ინტერნაციონალე და საუკეთესო დამრიგებელიც ამ გუნდის მწვრთნელი გახდა. თავად ინძაგიმ კარიერაში პირველი სკუდეტო მოიგო.











