ადემოლა ლუკმენმა კვლავ გაიტანა ატლეტიკოს მაისურით, ამჯერად ესპანიოლის კარში. ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, აფრიკელ ფორვარდს 6 შეხვედრაში 4 ბურთი და 2 ასისტი დაუგროვდა. ნიგერიელ შემტევს ფუნდამენტური როლი ჰქონდა ბარსელონას განადგურებაშიც, კოპა დელ რეის 1/2 ფინალში.
როგორც გვახსოვს, მადრიდულმა გუნდმა კატალონიელი მეტოქე დაამარცხა ანგარიშით 4:0, ბერგამოს ატალანტას ექს-თავდამსხმელმა კი გოლს+ასისტი მიითვალა. ერთი სიტყვით, 2026 წლის იანვრის საუკეთესო გარიგება ჯერჯერობით ულაპარაკოდ "ლა დეას" ყოფილი მე-11 ნომრის "როხიბლანკოსში" გადასვლა არის.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიეგო სიმეონეს გუნდს 28 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი დაუჯდა 35 მილიონი ევრო და ეს თანხა იმაზე ნაკლებია, რასაც მის სანაცვლოდ გასულ ზაფხულს მილანის ინტერი იხდიდა. როგორც გვახსოვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებს ლუკმენის სახელს მთელი აგვისტოს მანძილზე უკავშირებდნენ.
ნიუ ბალანს არენას ბინადრები ითხოვდნენ 50 მილიონ ევროს, "ნერაძურის" წინადადება კი 40 - 45 მილიონის ფარგლებში ტრიალებდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა ისე, რომ ჯუზეპე მაროტამ და ანტონიო პერკასიმ ნიგერიელი ფორვარდის ფასის მიმართებაში კომპრომისამდე მისვლა ვერ შეძლეს.
გამოსარჩევია ისიც, რომ ატალანტას დატოვება და ჯუზეპე მეაცაზე გადასვლა თავად ადემოლასაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. ბერგამასკთა ფორვარდი ღიად დაუპირისპირდა თავის იმდროინდელ კლუბს და საამისოდ მას 2 მიზეზი გააჩნდა. პირველი: მას რეალურად სურდა ინტერნაციონალეში გადასვლა, რადგან "ლა დეას" მე-11 ნომერი კარიერულ წინსვლას ითხოვდა.
მეორე მიზეზი - 28 წლის თავდამსხმელი ნიუ ბალანს არენას დატოვებასთან ახლოს იყო წარსულშიც, თუმცა ის დარჩა მხოლოდ ერთი პირობით: ოპტიმალური წინადადების არსებობის შემთხვევაში, კლუბი მოთამაშეს არ შეაკავებდა. ასეთი შემოთავაზება ლუკმენმა მიიღო მილანებელისგან, მაგრამ პერკასიმ ის მაინც არ გაუშვა.
რამდენიმე თვის შემდეგ, ატალანტას მაინც მოუწია ნიგერიელი თავდამსხმელის გაყიდვა და როგორც აღვნიშნეთ, იმაზე უფრო იაფად, ვიდრე "ნერაძურის" შემოთავაზების შემთხვევაში. შედეგად: იტალიის ჩემპიონატის ამჟამინდელმა ლიდერებმა ხელიდან გაუშვეს ტოპ ტრანსფერი, ბერგამასკებმა კი დამატებითი 5-7 მილიონის გამომუშავების შანსი.









