ინტერს და ლაუტარო მარტინესს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება და მხარეები შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.
26 წლის არგენტინელ შემტევს მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და მისი 2 წლით გახანგრძლივების სანაცვლოდ ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს.
ნერაძურის პირველი შეთავაზება 8 მილიონს + ბონუსები იყო, რაც ფეხბურთელის წარმომადგენლებმა დაბლოკეს - ახალი შეხვედრა კი მადრიდში მარტში არის ჩანიშნული.
დღევანდელი მდგომარეობით, ინტერში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი 6,5 მილიონით ჰაკან ჩალჰანოღლუა, ხოლო ლაუტარი მასზე ნახევარი მილიონით ნაკლებს გამოიმუშავებს. იტალიაში კი ყველაზე მაღალი ხელფასი, 10 მილიონი ევრო ვიქტორ ოსიმენს აქვს, რომელმაც ნაპოლისთან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გაახანგრძლივა.
"ლაუტარომ განაცხადა, რომ ახალ კონტრაქტზე სანერვიულო არაფერია და რატომ არ უნდა დავადასტურო მეც იგივე? მხარეებს შორის არსებობს ნდობა, რადგან ჩვენ საერთო გეგმები გვაქვს. ის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნორმალურია და ცოტა მოთმინება მოგვიწევს - დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმება შედგება" - აღნიშნა ინტერის სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ.
შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი ინტერის ღირსებას 2018 წლიდან იცავს და გუნდის მაისურით ჩატარებულ 267 მატჩში 124 გოლთან ერთად 41 ასისტი აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში არგენტინელი ფეხბურთელის ანგარიშზე 22 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
Serie A
ინტერს და ლაუტაროს შორის მოლაპარაკებები იწყება - სხვაობა 2 მილიონია









