დიეგო სიმეონეს მილანის ინტერთან ბევრი რამ აკავშირებს. თავისი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი არგენტინელმა სპეციალისტმა გაატარა სწორედ "ნერაძურიში", რობერტო ბაჯოს, რონალდო ნაზარიოს, ხავიერ ძანეტისა და სხვა ვარსკვლავების გვერდით.
თავად მადრიდის ატლეტიკოს ამჟამინდელი დამრიგებლის სიტყვებით, სამწვრთნელო საქმიანობით დაკავება მან სწორედ ჯუზეპე მეაცაზე თამაშის დროს მოიფიქრა. გასული დეკადის დასაწყისიდან-დღემდე, ხშირად გვესმის ფრაზა, რომ მომავალში, "ჩოლო" ინტერნაციონალეში აუცილებლად დაბრუნდება.
პირველად ამის შესახებ ისაუბრა ლუიჯი სიმონიმ, მოგვიანებით კი თავად 55 წლის მწვრთნელმა, თანაც არაერთხელ. თავის ყოფილ გუნდში დაბრუნებაზე სიმეონე საუბრობდა 2015-2020 წლებში და ასევე ყოველ ჯერზე, როცა მილანელები "რიხობლანკოს" ხვდებოდნენ. ასე იყო 2024 წლის 1/8 ფინალური თამაშის წინ და ახლაც.
დიახ, არგენტინელი მწვრთნელი "ნერაძურის" მიმართ არ არის გულგრილი, თუმცა მისი დაბრუნება შეიძლება ითქვას, რომ არარეალურია. პრობლემას წარმოადგენს დიეგოს ხელფასი, რომელიც წელიწადში 35 მილიონს უტოლდება. დიახ, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპეციალისტი სწორედ მეტროპოლიტანოს ბინადრების დამრიგებელია.
ინტერისთვის, ისევე როგორც სერია ა-ს სხვა ნებისმიერი გუნდისთვის "ელ ჩოლოს" ანაზღაურება ასტრონომიული ციფრებია. შეუძლებელი გამოდგა სიმონე ინძაგის შენარჩუნება, რომელსაც ალ-ჰილალმა შესთავაზა 25 მილიონი, 55 წლის სპეციალისტი კი კიდევ უფრო მიუწვდომელ კანდიდატად გვევლინება.









