რედ ბულის ხელმძღვანელის, კრისტიან ჰორნერის გარშემო სიტუაცია კვლავ გაურკვეველია და გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, შესაძლოა, მას თანამდებობის დატოვება მაინც მოუწიოს.
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი გამომძიებელის მიერ დადებული დასკვნის საფუძველზე, ჰორნერი გუნდის დირექტორთა საბჭომ თანამშრომლის მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობაში გაამართლა, აღნიშნული საქმე მაინც გრძელდება. გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, ფორმულა 1-ის გუნდებმა და ჟურნალისტებმა ანონიმური წყაროდან საქმის მასალები მიიღეს, რამაც შემდეგ მედიაში გაჟონა.
როგორც ჩანს, ავსტრიულ გუნდში მცირე განხეთქილებაა და ჰორნერის დარჩენით ყველა კმაყოფილი არ არის. აღნიშნულ საკითხზე, ფორმულა 1-ის ყოფილმა მრბოლელმა და მაქს ვერსტაპენის მამამ, იოს ვერსტაპენმა კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ გუნდი დაშლის პირას მივა.
"რედ ბულში დაძაბულობაა და თუ ჰორნერი თანამდებობაზე დარჩება, გუნდის დაშლის საშიშროება იარსებებს. ის მსხვერპლის როლს თამაშობს, სინამდვილეში კი გუნდისთვის მხოლოდ პრობლემებს ქმნის და თანამდებობა უნდა დატოვოს" - განაცხადა იოს ვერსტაპენმა.
პარალელურად, კრისტიან ჰორნერი მეუღლესთან ერთად ბაჰრეინის გრან პრიზე გამოჩნდა და რედ ბულთან ერთად გამარჯვება აღნიშნა.
იოს ვესტაპენი: "ჰორნერმა თანამდებობა უნდა დატოვოს - ის მსხვერპლის როლს თამაშობს"











