ნაპოლი თავისი ისტორიის მანძილზე სერია ა-ს ჩემპიონი ყოფილა ოთხჯერ - 1987, 1990, 2023 და 2025 წლებში. სამხრეთული გუნდის პირველი ორი ტრიუმფი უკავშირდება დიეგო მარადონას, ბოლო წლებში დაფიქსირებული წარმატებები კი ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენს, რომელუ ლუკაკუს, სკოტ მაკტომინეისა და სხვებს.
"პარტენოპეიმ" ჩემპიონობების რაოდენობით უკვე გადაასწრო ისეთ გუნდებს, როგორიცაა რომა, ლაციო და ფიორენტინა, თუმცა სამხრეთელთა წარმატებაზე საუბრისას თვალშისაცემი ხდება ერთი დეტალი: "აძურის" არასდროს დაუცავს ტიტული, რაც გულისხმობს ზედიზედ 2 ჩემპიონობას.
1987 წელს, პირველი ტრიუმფის შემდეგ, სან პაოლოს ბინადრები გავიდნენ მეორე ადგილზე, 1990 წელს დაფიქსირებული ჩემპიონობის მერე კი მე-8 პოზიციაზე. რაც შეეხება თანამედროვე ეპოქას, 2023 წელს მოგებულ სკუდეტოს მოყვა უბრალოდ კატასტროფული, მე-10 ადგილზე დასრულებული სეზონი.
ნაპოლი ამ სეზონში ბრძოლას ერთვება ისევ მოქმედი ჩემპიონის სტატუსით, საფეხბურთო სამყაროში კი ტრიალებს კითხვა - შეძლებს თუ არა "პარტენოპეი" ტიტულის დაცვას, ამჯერად მაინც. სამხრეთელთა პირველი მეტოქე იქნება ქვედა ლიგიდან აღზევებული სასუოლო, რომელსაც "აძური" 23 აგვისტოს შეხვდება.









