პარის სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე წარმატებით გადალახა პრემიერ ლიგის გუნდების ბარიერი - მერვედფინალში დამარცხებული იქნა ლივერპული, შემდეგ კი ბირმინგემის ასტონ ვილა. პსჟ-ს მეტოქე 1/2 ფინალში ასევე იქნება ნისლიანი ალბიონიდან: ლონდონის არსენალი.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყოფილა მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც გუნდი ფინალისკენ მიმავალ გზაზე პლეიოფში მხოლოდ პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. საუბარია 2022/23 წლების სეზონის მადრიდის რეალზე, რომელსაც მოუწია თამაში მერსისაიდელებთან, ლონდონის ჩელსისა და მანჩესტერ სიტისთან.
"სამეფო კლუბმა" დაამარცხა "წითლები" და "არისტოკრატები", თუმცა ვერაფერი დაუპირისპირა "ქალაქელებს", რომლებთანაც ორი მატჩის ჯამში 1:5 წააგო. საინტერესოა ისიც, რომ ერთი სეზონით ადრე, "ბლანკოსმა" 3 ინგლისური კლუბის ბარიერი გადალახა წარმატებით, მაგრამ ფინალის ჩათვლით.
კარლო ანჩელოტის გუნდმა დაამარცხა "ლურჯები" და პეპ გუარდიოლას გუნდი, ფინალში კი "სქაუზერებიც". ინგლისური ვოიაჟის დაწყების წინ კი ბერნაბეუს ბინადრებმა 1/8 ფინალში პარიზს მოუგეს. როგორც ვხედავთ, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს მიმდინარე სეზონში შეუძლია იმის გაკეთება, რაც 2022/23 წლების სეზონის რეალმა ვერ მოახერხა.
აქვე დავამატებთ, რომ "მეთოფეების" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "ლურჯ-წითლების" მოწინააღმდეგე ფინალში ბარსელონასა და მილანის ინტერს შორის ერთ-ერთი იქნება.
2022/23 წლების რეალის გზა ფინალამდე
| მეტოქე | შედეგი |
| ლივერპული | 5:2, 1:0 |
| ჩელსი | 2:0, 2:0 |
| მანჩესტერ სიტი | 1:1, 0:4 |
2024/2025 წლების პსჟ-ს გზა ფინალამდე
| მეტოქე | შედეგი |
| ლივერპული | 1:0, 0:1 (პენ. 4:1) |
| ასტონ ვილა | 3:1, 2:3 |
| არსენალი | ?:? |









