პირველი ნახევარი მაღალ ტემპში — ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა. მიმდინარე სეზონში ჩვეულად არსენალი ხიფათს ძირითადად სტანდარტული მდგომარეობებიდან ქმნიდა. ნიკოლას იოვერის კრეატიულად დაგეგმილ კუთხურებსა და საჯარიმო დარტყმებს საგოლე მომენტები კი მოჰყვა, მაგრამ „მეთოფეებმა” საბოლოოდ მაინც ვერ იხეირეს. ამას გარდა, ნიუკასლ იუნაიტედის მარცხენა ფლანგისა და შეტევაში გართული დენ ბერნის მიერ დაკარგული პოზიციით გაბრიელ მარტინელიმ ერთხელ ისარგებლა და მარტინ დუბრავკასთან ერთი ერთზეც გავიდა, თუმცა მისი დარტყმული ძელმა მოიგერია. საპასუხოდ, სწრაფ შეტევებზე ედი ჰაუს გუნდიც გადადიოდა. 37-ე წუთზე კი ჯეიკობ მერფის პასით „კაჭკაჭთა” უპირობო ლიდერმა, ალექსანდერ ისაკმა გაიტანა.
მეორე ტაიმი განსხვავებული ხასიათისა იყო. მალევე, 51-ე წუთზე ისევ შვედი ფორვარდის აქტიურობამ ნიუკასლ იუნაიტედის უპირატესობა სოლიდური გახადა. გოლის ავტორი ენტონი გორდონი გახდა. ამ ანგარიშზე ორივე გუნდის მწვრთნელის ცვლილებებში თამაშის სურათის ცვლილება იოლად იკითხებოდა. არტეტამ გაბრიელ ჟესუსის მოედანზე შემოსვებით არსენალის შეტევითი პოტენციალი გაზარდა, ედი ჰაუმ კი აქცენტი საკუთარი კარის მშრალად შენახვაზე გააკეთა. შეხვედრის ბოლომდე ჩრდილოლონდონელები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა ამ ფორმაციის „მეთოფეთა” უმთავრესი მინუსი — შეტევით ფაზაში ფანტაზიის ნაკლებობა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოიკვეთა. საბოლოოდ, საკუთარ მოედანზე ფინალში გამსვლელ ბილეთს თაინსაიდელები 2:0-დან დაიცავენ.
საპასუხო შეხვედრას სენტ ჯეიმს პარკი 6 თებერვალს უმასპინძლებს.









