2025 წლის ზაფხულის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.
წლევანდელი ივნისის ტესტების წინა ორი მატჩი ბორჯღალოსნებისთვის არასასურველი ანგარიშებით დასრულდა — ჯერ ქართველი მორაგბეები თბილისში ირლანდიასთან დამარცხდნენ, ხოლო შემდეგ სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზთან, ჩიტასთან გასვლაზე დათმეს შეხვედრა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა კი ზაფხულში სამი ტესტ მატჩი გამართეს და სამივე დამაჯერებლად მოიგეს ბარბაროსების და ორჯერ იტალიის წინააღმდეგ.
ეროვნული ნაკრებების დონეზე საქართველო და სამხრეთ აფრიკა ისტორიაში სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ გამარჯვება მეტოქეს დარჩა. პირველი დაპირისპირება შორეულ 2003 წელს, ბორჯღალოსნებისთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე შედგა, სადაც სპრინგოქსმა 46-19 მოიგო. მეორე მატჩი კი 2021 წლის ივლისის ტესტების ფარგლებში პრეტორიაში ჩატარდა და სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით, 40-9 დასრულდა.
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 22 კაციანი შემადგენლობა დაასახელა — დღევანდელი მატჩი გამორჩეული იქნება სანდრო თოდუასთვის, რომელიც საქართველოს ნაკრებში 122-ე კეპს მოიხვეჭს და დავით კაჭარავას რეკორდს გაიმეორებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (კასტრი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).
ბორჯღალოსნების და სპრინგბოქსის რიგით მესამე დაპირისპირება დღეს, თბილისის დროთ 19 საათსა და 10 წუთზე აიღებს სტარტს.









