თბილისში ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩავატარებთ, გამარჯვების შემთხვევაში ფინალში კვლავ მასპინძლები ვართ, სადაც საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შევხვდებით.
სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო, ნახევარფინალში ჩვენს ნაკრებს მთავარი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდება, ფინალში თამაში მას შეეძლება.
საინტერესოა, როგორ ფორმაში არიან ქართველი ფეხბურთელები ამ მნიშვნელოვან მატჩამდე 1 თვით ადრე და როგორი იქნება საქართველოს ნაკრების ოპტიმალური 11-ეული Lagazzetta.ge-ს ვერსიით.
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია): მეკარის პოზიციაზე ვილი სანიოლს ყველაზე ნაკლები სანერვიულო აქვს. საქართველოს ნაკრების კარს მსოფლიო დონის მეკარე იცავს, რომელიც ამ სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია, დაღვინდა, ნაკლებ შეცდომას უშვებს და ვალენსიას ლიდერად იქცა. მამარდაშვილი რამდენჯერმე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია): მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციაზე გიორგი გოჩოლეიშვილიც გვყავს, რომელიც შახტარში თამაშობს, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩისთვის, გამოცდილი კაკაბაძის თამაში უმჯობესია. კაკაბაძე თავის პოზიციაზე ბოლო ათწლეულის შეუცვლელი მოთამაშეა, თან გუნდშიც წარმატებულად თამაშობს. პოლონეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, კრაკოვიას რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა და ზაგლებიესთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
საბა კვერკველია (ალ ახდუდი): თუ გამოცდილებაზე მიდგა საქმე, კვერკველია ერთ-ერთია, ვისაც ასეთ გადამწყვეტ მატჩებში თამაშის გამოცდილება აქვს. 32 წლის მცველი ამჟამად საუდის არაბეთში თამაშობს. 2023 წლის არც თუ ისე წარმატებული მატჩების შემდეგ, კვერკველიამ ეს წელი კარგად დაიწყო, ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში საუკეთესო იყო. ბოლო ტურში საგოლე გადაცემაც მიითვალა.
გურამ კაშია (სლოვანი): ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ლიდერი მზადაა თავისი შეძახილებით და სწორი თამაშით ნაკრებს კიდევ ერთხელ ულიდეროს. სლოვან ბრატისლავას ლიდერს, ასე თუ ისე, გუნდში სათამაშო პრაქტიკა აქვს და ლუქსემბურგთან მატჩს ფორმაში ხვდება. სხვა მხრივ, კაშიას რომ ასეთ მატჩებში მოტივაციისა და ბოლომდე ბრძოლის ნაკლებობა არ ექნება, ყველა დარწმუნებულია.
ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე): 25 წლის მცველის გუნდი სერია ბ-ში გამოდის, მაგრამ დაბრუნებისთვის იბრძვის. ლოჩოშვილი სტაბილურად თამაშობს, ხოჭოლავას ტრავმიანობის ფონზე, ლოჩოშვილი მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ყველაზე კარგი ვარიანტია. მას ნაკრების მაისურით თამაშის გამოცდილებაც დაუგროვდა და უკვე 10 მატჩი აქვს ჩატარებული.
ირაკლი აზაროვი (შახტარი): აზაროვი შახტარში დიდ გამოცდილებას აგროვებს, მწვრთნელიც ენდობა და ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს. ჩემპიონთა ლიგაზე 22 წლის მცველმა ბარსელონასთან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, საგოლე გადაცემა გააკეთა, თურქეთში უკრაინულ კლუბთან მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით გაიარა და კარგ ფიზიკურ კონდიციაშია.

ნიკა კვეკვესკირი (ლეხი): მატჩებში, სადაც საქართველოს ნაკრები პირველ ნომრად თამაშობს, კვეკვესკირსნაირი მაღალი ინტელექტის მქონე ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში ყოფნა აუცილებელია. შუა ხაზიდან ის თამაშს იდეალურად ანაწილებს და შეუძლია ერთი საკვანძო გადაცემით, სახიფათო მომენტი შექმნას. ბოლო წლებში გამოჩნდა, რომ თუ კვეკვესკირი მოედანზეა, საქართველოს ნაკრებს ცენტრში თამაში უადვილდება და უფრო მეტ შეტევას აკეთებს.
გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე): 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გიორგი ქოჩორაშვილია, რომელსაც ნაკრებში უმაღლესი დონის მატჩები ჰქონდა და მალე იქცა გამორჩეულ ფიგურად. სამწუხაროდ, ქოჩორაშვილს ტრავმის გამო ბევრი თამაში გაუცდა, თუმცა როგორც ვიცით, მომდევნო კვირას ბრუნდება და შეეცდება, ეს ერთი თვე ისე ნაყოფიერად გამოიყენოს, რომ ლუქსემბურგთან მატჩს იდეალურ ფორმაში შეხვდეს.
ოთარ კიტეიშვილი (შტურმი): ტრავმების მიუხედავად, კიტეიშვილი 2024 წელს საოცარ ფორმაში შეხვდა. წელს შტურმს თამაში ჯერ არ წაუგია, კიტეიშვილი კი გუნდის მთავარი ლიდერია. მან 2 გოლის გატანა უკვე მოასწრო, ტურის სიმბოლურ გუნდებში მოხვდა და საქართველოს ნაკრების წინა მატჩებშიც გამოიჩინა თავი. ლუქსემბურგთან კიტეიშვილს ყველაზე მეტი სამუშაო ექნება - ნაკრების დახმარება მოუწევს როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში.

გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი): კვარაცხელიას არყოფნაში, ყველაზე დიდი იმედები სწორედ ჩაკვეტაძეზეა დამყარებული, რომელიც კარგ სათამაშო ფორმაშია, უოტფორდში სულ ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, "ძველი ჩაკვე" ნელ-ნელა ბრუნდება. სავარაუდოდ, ვილი სანიოლი კვარაცხელიას პოზიციაზე სწორედ ჩაკვეტაძეს დააყენებს.
ბუდუ ზივზივაძე (კარსლრუე): ის, ვინც საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად სჭირდებოდა - გამტანი ფორვარდი, რომელიც თავის გუნდში საოცარ მატჩებს ატარებს და თითქმის ყველა თამაშში გოლს იტანს. 2024 წელს ზივზივაძემ 9 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. არ დაგვავიწყდეს მიქაუტაძეც, რომელიც ამ პოზიციაზე გვყავს. მიქაუტაძე მეცში დაბრუნდა და ცდილობს, აიაქსში უნდობლობის შემდეგ, ფორმა აღიდგინოს.
ასეთია საქართველოს ნაკრების სავარაუდო 11-ეული ლუექსემბურგის წინააღმდეგ, Lagazzetta.ge-ს ვერსიით.










