ვიდრე მსოფლიო ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების დაწყებამდე დარჩენილ დღეებს ითვლის, სპორტსმენები სხვადასხვა სალიცენზიო ტურნირებზე პარიზის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად იბრძვიან.
ისტორიული შედეგისთვის ბრძოლას აგრძელებს მარიამ ქერდიკაშვილი, რომელიც კანოეში 200 მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობს. იმ შემთხვევაში, თუ მარიამი ოლიმპიადის საგზურს მოიპოვეს, ის იქნება პირველი ქალი საქართველოდან, რომელიც კანოეში ოლიმპიადაზე იასპარეზებს.
მარიამი ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რუმინეთში ემზადება. სალიცენზიო ტურნირი 9 მაისს უნგრეთში გაიმართება.
მარიამ ქერდიკაშვილი მსოფლიოს ვიცეჩემპიონი (U23, 2021 წ.) და ევროპის ორგზის ვიცეჩემპიონია (U23, 2021,2018 წ.წ.), კონტინენტის პირველობაზე ასევე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული (U23, 2019 წ.).
La Gazzetta dello Sport Georgia მარიამ ქერდიკაშვილს რუმინეთში დაუკავშირდა და სპორტსმენს სალიცენზიო ტურნირის სამზადისის შესახებ ესაუბრა:
- რა მოლოდინი გაქვს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე? როგორ ემზადები?
- მოლოდინები, რა თქმა უნდა, მაქვს რადგანაც შეკრებებიც ძალიან კარგად გავიარე და ვფიქრობ მზად ვარ სალიცენზიო ტურნირისთვის. მომზადებას რაც შეეხება, ახლა რუმინეთში გავდივართ შეკრებას და ყველაფერი გვაქვს იმისთვის რომ ამ ტურნირმა წარმატებით ჩაიაროს, იმედია ასეც იქნება.
- ის ფაქტი რომ ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში პირველი ქართველი ქალი იქნები კანოეში ოლიმპიადაზე, დამატებითი მოტივაციაა და კიდევ უფრო გიზრდის პასუხისმგებლობას?
- პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის უბრალოდ წინასწარ არ მიყვარს საუბარი, ამიტომ დაველოდოთ შეჯიბრს. ჩემი მოტივაციის წყარო არის ოჯახი და ძალიან მინდა, რომ ჩემი შედეგებით ჩემი ოჯახი და ჩემი სამშობლო, მთელი საქართველო გავახარო.
ისტორიული ლიცენზიის მოლოდინში - გოგო საქართველოდან, რომელიც ოლიმპიადაზე მოსახვედრად იბრძვის









