5 ივლისს, ქართული რაგბის ისტორიაში ახალი თავი იწერება. მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული გრანდი, ირლანდიის ეროვნული ნაკრები, საქართველოს პირველად ეწვევა და თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ბორჯღალოსნებს დაუპირისპირდება.ეს არის ის მატჩი, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი წლებია ელოდა — შესაძლებლობა, უმაღლესი დონის რაგბი საკუთარ კედლებში იხილოს და საყვარელ გუნდს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ უქომაგოს.
ეს ისტორიული თამაში ქართული რაგბისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ის არა მხოლოდ სპორტული დაპირისპირება, არამედ ქართული რაგბის მიერ განვლილი გზის, მიღწეული პროგრესისა და იმ ამბიციების აღიარებაა, რომელიც ქვეყანას წლებია უმაღლეს სარაგბო ეშელონში მოსახვედრად აქვს.
ურთიერთშეხვედრების ისტორია: დებიუტი, ლეგენდარული ბრძოლა და აღიარება
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების გზები აქამდე ხუთჯერ გადაიკვეთა და ხუთივეჯერ გამარჯვება სამყურებს დარჩათ. თუმცა, სტატისტიკის მიღმა იმალება ბრძოლები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული რაგბის ისტორიაში.
საქართველოსა და ირლანდიის დაპირისპირება ქართული რაგბის განვითარების ერთგვარი სარკეა. თითოეული მატჩი ასახავდა იმ ეტაპს, სადაც ბორჯღალოსნები იმყოფებოდნენ – დებიუტანტობიდან მსოფლიო დონის თავსატეხამდე.
პირველი შეხება: 1998 წლის 18 ნოემბერი, ირლანდია 70:0 საქართველო
ყველაფერი 1999 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო, როდესაც ბორჯღალოსნები დუბლინში, ლეგენდარულ ლენსდაუნ როუდზე წარსდგნენ მსოფლიო რაგბის ელიტის წინაშე. მართალია, ის მატჩი ირლანდიელთა დიდი უპირატესობით, 70:0 დასრულდა, მაგრამ ეს იყო პირველი შეხება იმ სამყაროსთან, რომლისკენაც ქართული რაგბი მიისწრაფოდა.
*შავლეგ ჯანელიძე ირლანდიის წინააღმდეგ, 1998 წელი
დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, ეს იყო ფასდაუდებელი გაკვეთილი და პირველი რეალური შეხება იმ დონესთან, რომლისკენაც ქართულ რაგბის აქვს აღებული გეზი. ამ თამაშმა ქართველ მორაგბეებსა და მწვრთნელებს დაანახა, თუ რამდენად დიდი იყო სხვაობა ფიზიკურ მომზადებაში, ტაქტიკურ დისციპლინასა და თამაშის სისწრაფეში. ეს იყო მწარე, მაგრამ აუცილებელი გამოცდილება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მომავალ პროგრესს და განვითარებას.
პროგრესის ნიშნები: 2002 წლის 28 სექტემბერი, ირლანდია 63:14 საქართველო
სამი წლის შემდეგ, ბორჯღალოსნები კვლავ დუბლინს ესტუმრნენ. ამჯერად, გუნდი ბევრად უფრო მომზადებული და გამოცდილი ჩანდა. მართალია, ირლანდიამ კვლავ დიდი ანგარიშით მოიგო, მაგრამ ამ მატჩში გამოჩნდა პროგრესის პირველი ნიშნები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ საქართველომ ლელოების გატანა მოახერხა. ვასილ კაცაძემ და ბესიკ ხამასურიძემ ირლანდიის ჩათვლის მოედანში ბურთი ორჯერ დაამიწეს.
ეს 14 ქულა ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ციფრები ტაბლოზე. ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე შეეძლო უმაღლესი დონის ნაკრებების წინააღმდეგ ბრძოლა. გუნდმა აჩვენა, რომ სწავლობდა, ვითარდებოდა და აღარ იყო ისეთი იოლი მეტოქე, როგორიც სამი წლის წინ. ეს იყო პატარა გამარჯვება დიდ ბრძოლაში, რომელმაც გუნდს დამატებითი თავდაჯერება შესძინა.
ლეგენდა ბორდოში: 2007 წლის 15 სექტემბერი, ირლანდია 14:10 საქართველო
ეს ის მატჩია, რომელიც ქართული რაგბის ისტორიის ნაწილი გახდა. საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე, საქართველოსგან არავინ ელოდა სასწაულს მსოფლიო დონის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ირლანდიის წინააღმდეგ. თუმცა, ბორჯღალოსნებმა მთელი მსოფლიო გააოცეს. მათ მეტოქეს წარმოუდგენლად მძიმე, ფიზიკური და დაუნდობელი ბრძოლა გაუმართეს. გიორგი შკინინის მიერ მეტოქის პასის ჩაჭრა და 60-მეტრიანი გარღვევა, რომელიც ლელოთი დაგვირგვინდა, დღემდე ქართული რაგბის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ კადრად რჩება.
მატჩის ბოლო წუთებამდე ანგარიში ფაქტობრივად თანაბარი იყო და საქართველო გამარჯვებასთანაც კი ახლოს იყო. მართალია, საბოლოოდ 4-ქულიანი სხვაობით დავთმეთ, მაგრამ ამ თამაშმა ბევრად მეტი მოგვიტანა, ვიდრე გამარჯვებას შეეძლო. ამ დღეს საქართველომ მსოფლიოს დაანახა თავისი უდრეკი ხასიათი და დაიმსახურა საყოველთაო პატივისცემა. სწორედ ამ მატჩის შემდეგ დაიწყო აქტიური საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ნაკრები მეტ შანსს იმსახურებდა უძლიერეს გუნდებთან სათამაშოდ.
ელიტის კართან: 2014 წლის 16 ნოემბერი, ირლანდია 49:7 საქართველო
2014 წლისთვის საქართველო უკვე ევროპის მეორე დონის უცვლელი ლიდერი და მსოფლიო თასების მუდმივი მონაწილე იყო. ამჯერად, გუნდი დუბლინში არა როგორც აუტსაიდერი, არამედ როგორც რთული და პატივსაცემი მეტოქე ჩავიდა. მატჩის სცენარიც განსხვავებული იყო. ქართულმა შერკინებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდიელებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და რამდენიმე საჯარიმოც მოუპოვა. გიორგი ნემსაძის ლელო კი ამ ფიზიკური დომინირების ლოგიკური შედეგი იყო.
თუმცა, ამ მატჩმა ასევე გამოაჩინა სხვაობა კლასში. ჯო შმიდტის ირლანდია იმ პერიოდში თავისი სათამაშო სტილის პიკზე იყო – სწრაფი, კლინიკური და დაუნდობელი. მათ შეძლეს ქართველთა დაცვის სისუსტეების პოვნა და შექმნილი მომენტების უმეტესობა ლელოებად აქციეს. საბოლოო ანგარიში კვლავ დიდი იყო, მაგრამ თამაშის ხარისხი და კონკრეტულ კომპონენტებში გაწეული წინააღმდეგობა აჩვენებდა, რომ საქართველომ მორიგი ნაბიჯი გადადგა წინ.
პანდემიის ტესტი: 2020 წლის 29 ნოემბერი, ირლანდია 23:10 საქართველო
ეს იყო მატჩი, რომელიც COVID-19-ის პანდემიის დროს, ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართა. საქართველომ შემოდგომის ერთა თასზე მიწვევა მიიღო, რაც თავისთავად დიდი დიპლომატიური გამარჯვება და აღიარება იყო. გიორგი კვესელაძის მიერ გატანილი ლელო კი ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა.
მეორე ტაიმში ირლანდიამ თამაშის სადავეები ხელთ იგდო და საკუთარი კლასის ხარჯზე მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა. მიუხედავად მარცხისა, ანგარიში 13-ქულიანი სხვაობით (23:10) დასრულდა, რაც ყველაზე მცირე სხვაობა იყო 2007 წლის ლეგენდარული მატჩის შემდეგ. ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ელიტარულ გუნდებს და სხვაობა კლასში ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად მცირდება.
ოცნებიდან რეალობამდე — 5 ივლისის მატჩი ქართული რაგბის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება
ირლანდიასთან 5 დაპირისპირების შემდეგ, რომლებიც დუბლინში ან ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა, მე-6 მატჩს ბორჯღალოსნები უკვე სახლში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ჩაატარებენ და ისტორიული გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. ირლანდია 6 ერის მრავალგზის ჩემპიონი და მსოფლიო რაგბის მიერ აღიარებული გრანდია და მათი თბილისში სტუმრობა ქართული რაგბისთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია.
ბორჯღალოსნებისთვის ეს იქნება უნიკალური შანსი, დაამტკიცონ საკუთარი ძალა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ, ოღონდ ამჯერად საკუთარი, მე-16 მოთამაშის – გულშემატკივრის მხარდაჭერით. სავსე ტრიბუნები, ქომაგების ემოცია და ენერგია არის ფაქტორი, რომელსაც ნებისმიერი მეტოქისთვის თამაშის გართულება შეუძლია.
ყოველი ასეთი მაღალი დონის მატჩი საქართველოსთვის არის ხმამაღალი განაცხადი 6 ერში ინტეგრაციის სურვილზე. დამაჯერებელი თამაში და კონკურენტუნარიანობა ის არგუმენტებია, რომლებიც ამ პროცესს მხოლოდ დააჩქარებს. სწორედ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ბოჯღალოსნების მთავარმა მწვრთმელმა, რიჩარდ ქოქრილმა ჩვენთან ინტერვიუში და ხაზი გაუსმა მსგავსი დონის ტესტების როლს ქართული რაგბის განვითარებაში.
"ივლისში ზუსტად იმ ტიპის ტესტები გვექნება, რაც ჩვენი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. დავიწყებთ ისტორიული მატჩით ირლანდიის წინააღმდეგ, შემდეგ ჩიტასთან არაერთი მორაგბე მიიღებს შანსს და ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონებს დავუპირისპირდებით. ამ სამ მატჩში კარგად გამოჩდნება რა დონეზე ვართ და რა ასპექტები გვექნება მომავალში გასაუმჯობესებელი. მსგავსი დონის ტესტებზე კარგად თამაში ჩვენთვის დამატებითი არგუმენტი იქნება 6 ერში მოსახვედრად "
ქართული რაგბის ტრანსფორმაცია: ძალისმიერი თამაშიდან დაბალანსებულ გუნდამდე
საქართველოსა და ირლანდიის დაპირისპირებების ისტორია, ფაქტობრივად, ქართული რაგბის ევოლუციის ქრონიკაა. თუ 1999 წელს, პირველი მატჩისას, მსოფლიომ ბორჯღალოსნები გაიცნო, როგორც მხოლოდ უდრეკი და ფიზიკურად დომინანტი ფორვარდების გუნდი, რომლის მთავარი იარაღი შერკინება იყო, დღეს სურათი რადიკალურად შეცვლილია. მაშინდელი ტაქტიკა, რომელიც ძირითადად ძალისმიერ ბრძოლებზე და მეტოქის დაღლაზე იყო აგებული, ერთადერთი გზა იყო ელიტარულ გუნდებთან კონკურენციის გასაწევად. ეს იყო მყარი ფუნდამენტი, რომელსაც შემდგომი განვითარება დაეფუძნა.
ამ ტრანსფორმაციის ყველაზე ნათელი მაგალითი სწორედ ირლანდიასთან ბოლო, 2020 წლის დაპირისპირება იყო. დუბლინში გამართულ მატჩში, გიორგი კვესელაძის მიერ გატანილი ლელო, ქართული რაგბის ახალი შესაძლებლობების სიმბოლოდ იქცა. ეს არ ყოფილა მოლის ან შერკინების შედეგად მიღწეული უპირატესობა — ეს იყო უკანა ხაზის მოთამაშეების ინდივიდუალური ოსტატობის, სისწრაფისა და ტექნიკის შედევრი. ამ ეპიზოდმა მსოფლიოს დაანახა, რომ ბორჯღალოსნების უკანა ხაზში გამოჩნდნენ მოთამაშეები, რომლებსაც ღია თამაშში ნებისმიერი დონის დაცვისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ.
დღეს საქართველოს ნაკრები ბევრად უფრო დაბალანსებული გუნდია. ის არა თუ არ კარგავს თავის ისტორიულ, უმთავრეს იარაღს – მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შერკინებას – არამედ პარალელურად აქტიურად ავითარებს უფრო სწრაფ, დინამიკურ და სანახაობრივ რაგბის. შედეგად, საქართველოს ნაკრები ორმაგად საშიში ხდება: მეტოქეებმა არა მხოლოდ მის ფიზიკურ ძალას, არამედ უკვე მის სისწრაფესა და ტექნიკურ არსენალსაც უნდა გაუწიონ ანგარიში.
ამიტომ, 5 ივლისის მატჩის მთავარი ტაქტიკური ინტრიგა სწორედ ეს იქნება: რამდენად შეძლებს საქართველო, მოედანზე სრულად გამოავლინოს თავისი ახალი, სინთეზური სტილი? შეძლებს თუ არა გუნდი, დაამყაროს ტრადიციული დომინაცია სტატიკურ ფაზებში და ამავდროულად, ეფექტურად გამოიყენოს უკანა ხაზის მზარდი პოტენციალი? თუ ბორჯღალოსნები ამ ორი კომპონენტის დაბალანსებას მოახერხებენ, ირლანდიის ნაკრებს თბილისში ბევრად უფრო კომპლექსური და არაპროგნოზირებადი თავსატეხის გადაჭრა მოუწევს, ვიდრე ოდესმე.









