20 ივნისს, 05:00 საათზე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფარგლებში პარის სენ-ჟერმენი ბოტაფოგოს დაუპირისპირდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა პსჟ-ს ისტორიაში, როდესაც მეტოქე ბრაზილიური კლუბი არის. დიახ, დედაქალაქური გუნდის 55-წლიანი არსებობის მანძილზე პარიზელები ბრაზილიის წარმომადგენლებს ოფიციალურ თამაშში არ შეხვედრილან.
ამის გარდა, რიო-დე-ჟანეირული გუნდი ზოგადად პირველი არაევროპელი მოწინააღმდეგეა პარკ დე პრენსის ბინადრების ისტორიაში. "ვარსკვლავებთან" შეხვედრაში ლუის ენრიკეს გუნდის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც თავისი კლუბის მსგავსად, არაევროპელ მეტოქეს პირველად დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პარის სენ-ჟერმენმა ატლეტიკო მადრიდი 4:0 გაანადგურა. მოედანზე იყო ქართველი ვინგერიც, რომელმაც "როხიბლანკოსთან" 2 ასისტი გაიფორმა.









