ცალკე გამოსარჩევია ისიც, თუ ვისი ხელმძღვანელობით თამაშობდა ყოფილი ესპანელი მაშინ, როდესაც საყრდენი ნახევარმცველი იყო. 21-ე საუკუნეში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 15 სპეციალისტს აქვს მოგებული, აქედან 5 მათგანი სწორედ ყოფილ 14 ნომერთან მუშაობდა. განვიხილოთ ის, თუ რა გადმოიღო ალონსომ თითოეული ტაქტიკოსისგან.

ანჩელოტი და ალონსო
ანჩელოტისა და ალონსოს პირველი შეხვედრის დროს მხარეებმა გაიხსენეს ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალი, სადაც ლივერპულმა მილანი დაამარცხა. ყველას გვახსოვს ის ეპოქალური ფინალი: ქამბექი 0:3-ის შემდეგ და 11-მეტრიანების სერია, იტალიელი სპეციალისტი მუშაობდა "როსონერიში", ესპანელი ჩამშლელი კი მერსისაიდელების მხარეს იყო.
"ჩემპიონთა ლიგა ახლა ჩემთვისაც უნდა მოიგო", - გაეხუმრა კარლო ჩაბის, რომელთანაც მას მადრიდის რეალში თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. "სამეფო კლუბის" ამჟამინდელი მწვრთნელი თავის შეგირდს "პროფესორს" უწოდებდა და ამის გარდა, რთულ დროს, ისინი ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ გასახდელში საბრძოლო განწყობის შექმნას.

ლევერკუზენის ბაიერის ამჟამინდელი მწვრთნელი კი აღნიშნავს, რომ მან 64 წლის სპეციალისტისგან ფეხბურთელებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი გადმოიღო. ასევე ვარსკვლავებთან მუშაობის ტაქტიკა და მათი საუკეთესო კონდიციამდე მიყვანა. დიახ, სწორედ ეს არის ანჩელოტის ყველაზე ძლიერი მხარე.
აღნიშნულმა დუეტმა "ბლანკოსს" 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებინა პირველად, 2002 წლის შემდეგ. მათი დუეტი მოგვიანებით აღდგა მიუნხენის ბაიერნშიც, მაგრამ იქამდე, ალონსოს ცხოვრებაში მოვიდა ახალი მენტორი: ხოსეპ გვარდიოლა. მათ ერთად არ მოუგიათ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, მაგრამ გასახსენებლი მაინც ბევრია.

გვარდიოლა და ალონსო
"ძალიან მაინტერესებდა გვარდიოლას საიდუმლოებების გაგება. ის მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელებს თავის შეგირდებზე უკეთ იცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ჩემი კარიერის ძირითადი ნაწილი უკვე განვლილი იყო, სწორედ პეპმა მასწავლა ის, თუ როგორ უნდა ითამაშოს ერთმა გამოკვეთილმა ჩამშლელმა ორ გამთამაშებელთან ერთად.
ასეთ დროს, ცენტრალურ მცველებთან უფრო ახლოს ხარ, ვიდრე შემტევ ნახევარმცველებთან და მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევა შენი პირდაპირი მოვალეობაა. შენ იწყებ შეტევას, შენს წინააღმდეგ თამაშობს მეტოქე გუნდის გამთამაშებელი. ჩამშლელი, ესპანელი ტაქტიკოსის გუნდში ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო", - იხსენებს ალონსო.
იმ დროს "რეკორდმაისტერს" ბუნდესლიგაში ბადალი არ ჰყავდა და წელს, იმავე მდგომარეობაში ესპანელის მიერ გაწვრთნილი "ფარმაცევტები" არიან. ახლოვდება სეზონის დასასრული, "შავ-წითლები" უახლოეს მდევარს, სწორედ ბავარიას უსწრებენ 13 ქულით, თანაც ეს ყველაფერი დაუმარცხებლი სერიით.

მოურინიო და ალონსო
ალონსოს, როგორც მწვრთნელის, ფორმირებაში დიდი როლი მოურინიომაც ითამაშა.
"ის არის ნამდვილი ლიდერი. ადამიანების ჯგუფის ერთი იდეის გარშემო გაერთიანება, ეს არის მოურინიოს ყველაზე ძლიერი თვისება. ამასთან ერთად, ის შესანიშნავი ტაქტიკოსი და მოტივატორიც არის", - ასე ახასიათებს ესპანელი სპეციალისტი თავის პორტუგალიელ მენტორს.
სანტიაგო ბერნაბეუზე ჟოზეს მარჯვენა ხელი სწორედ ჩაბი იყო. დიახ, გუნდის კაპიტნები იყვნენ იკერ კასილასი და სერხიო რამოსი, თუმცა მწვრთნელის ყველაზე საიმედო პირის სტატუსი სწორედ ესპანეთის ნაკრების ჩამშლელს ჰქონდა. რეალის იმდროინდელი დამრიგებელი ჯერ კიდევ მაშინ ხედავდა თავისი გუნდის 14-ე ნომერს მომავალ მწვრთნელად.

ბენიტესი და ალონსო
ალონსოს ფავორიტი სქემა ბაიარენაზე არის 3-4-2-1, თუმცა ზოგჯერ ის ემხრობა 4-2-3-1-საც, რომელიც მან ბენიტესისგან ისწავლა. ამავე ტაქტიკით გაანადგურეს ბაიერნიც. ლივერპულში ესპანელი ჩამშლელი რაფას ერთ-ერთი პირველი შენაძენი იყო და ისტორიამ აჩვენა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოც.
"ბენიტესის დროს მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში მიწევდა, ჯერარდის გვერდიგვერდ. ჩემი მოვალეობა იყო პოზიციის დაჭერა, ის კი შეტევაში ერთვებოდა. მოგვიანებით, შემოგვიერთდა მასკერანო, რომელმაც საყრდენი ზონა მთლიანად ჩაიბარა. სტივმა აიწია კიდევ უფრო წინ, ტორესთან ახლოს, მე კი ვიყავი შუამავალი მათ დუეტსა და ხავიერს შორის".
ერთობლივი ძალებით დაამარცხეს მილანი ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალში და ლეგენდარული ქამბექის მონაწილე იყო ჩაბიც, რომელმაც მე-3 ბურთი გაიტანა. მართალია, მოგვიანებით, ბენიტესისა და ალონსოს ურთიერთობა გაფუჭდა, მერსისაიდელთა დამრიგებელი თავისი გუნდის ჩამშლელის გაყიდვას ითხოვდა და მის ნაცვლად გარეტ ბერის გაფორმებას, მაგრამ ტაქტიკური ცოდნის თვალსაზრისით, ალონსოსთვის ამთვლელი წერტილი სწორედ ინგლისში გატარებული პერიოდი იყო.

დელ ბოსკე და ალონსო
დელ ბოსკესთან ერთად, ალონსომ სანაკრებო დონეზე მოიგო ორი მთავარი საერთაშორისო ტურნირი - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. მართალია, იმ დროს ესპანეთის ეროვნულ გუნდში დომინირებდნენ ძირითადად ბარსელონას მოთამაშეები, მაგრამ რეალის ექს-ჩამშლელის როლი მეორეხარისხოვანი ნამდვილად არ ყოფილა.
ჩაბი არ ჩაკარგულა შეთამაშებული კატალონიელების გვერდით, ის არც ზედმეტი ყოფილა. ვეტერანმა ესპანელმა მწვრთნელმა მისგან აიღო საუკეთესო თვისებები, "ფურია როხას" ძირითადი ბირთვის გაფუჭების გარეშე. ეს თვისება მომავალში ძალიან გამოადგება ლევერკუზენის ამჟამინდელ დამრიგებელს, რომლის გზაზე ვარსკვლავებით სავსე გუნდები აუცილებლად იქნება.












