Stick to Football-ის პოდკასტის უკანასკნელი სტუმრები მანჩესტერ იუნაიტედის ვეტერანი ფეხბურთელები, როი კინი და გარი ნევილი იყვნენ, მათ 90-იანებისა და 2000-იანი წლების ფეხბურთი გაიხსენეს. ირლანდიელმა და ინგლისელმა ყოფილმა მოთამაშეებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ იტალიური კლუბების ფეხბურთელები დოპინგს იღებდნენ.
"წითელი ეშმაკების" ვეტერანებს არ დაუკონკრეტებიათ არც გუნდები და არც ფეხბურთელები. პირველი კომენტარი გააკეთა ნევილმა: "დამამახსოვრდა რამდენიმე გუნდი და მოთამაშე იმ თვალსაზრისით, რომ ჩემი აზრით, ისინი დოპინგს მოიხმარდნენ. მე არ ვარ ერთადერთი, ვინც იმ დროს ასე ფიქრობდა", - განაცხადა ინგლისელმა.
გარის შემდეგ, საუბარი გააგრძელა კინმა: "ზოგჯერ მოედნიდან გაოგნებული მივდიოდი. ვუყურებდი ფეხბურთელებს და მათ საერთოდ არ ეტყობოდათ დაღლა, იმდენად, თითქოს ერთი მატჩიც არ ჰქონდათ ჩატარებული. ეს ყველაფერი განსაკუთრებით იტალიური გუნდების მოთამაშეებში იგრძნობოდა", - განაცხადა ირლანდიელმა.
ამ თემის შესახებ საბოლოო სიტყვა ისევ ნევილმა თქვა: "იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა ველოსპორტსა და სპორტის სხვა სახეობებში, არ გამიკვირდება, რომ იგივე სიტუაცია ფეხბურთშიც ყოფილიყო. იტალიურ გუნდს ვეთამაშებოდით და თავში მიტრიალებდა მხოლოდ ერთი აზრი: ეს არასწორია, ასე არ შეიძლება", - განაცხადა ინგლისელმა.









