2025 წლის 20 ოქტომბერი დაჩი ლორთქიფანიძისთვის ისტორიული დღეა, რადგან მისი ოცნება და დასახული მიზანი შესრულდა - დაჩიმ იტალიის სერია A-ში კრემონეზეს მაისურით პირველად ითამაშა, როცა უდინეზესთან მატჩში ის შეცვლაზე შევიდა.
ლორთქიფანიძის იტალიური კარიერა ბრეშადან იწყება, შემდეგ იყო ატალანტას აკადემია, სადაც 4 წელი დაჰყო. იქ მიღებული დიდი გამოცდილების შემდეგ, 15 წლის ასაკში კრემონეზეს აკადემიაში ჩაირიცხა და დღეს უკვე ძირითადი გუნდის წევრია.
კრემონეზესთვის მიმდინარე სეზონი ნორმალურად მიმდინარეობს. დაჩის გუნდს 14 ტურის შემდეგ, 20 ქულა აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს.
LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ლორთქიფანიძემ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
როგორი იყო ემოციები, როცა სერია A-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარე?
"საოცარი ემოციები იყო. თამაშის დროს დაძაბულობა არ მქონია, მატჩის შემდეგ გავიაზრე ყველაფერი, რომ სერია A-ში დებიუტი მქონდა. დიდი ხანია ამ გუნდში ვარ, ვვარჯიშობ, ყოველდღიურობას თვალს ვადევნებ და ველოდი იმ მომენტს, როცა შანსი მომეცემოდა. ახლა ჩემი მიზანია, მწვრთნელს კიდევ დავუმტკიცო ჩემი შესაძლებლბობები, რათა მეტი სათამაშო დრო მომცეს."
ხშირი კომუნიკაცია აქვს მწვრთნელს შენთან?
"ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს, ბევრ რჩევებს მაძლევს ხოლმე, ყველასთვის კომფორტული ადამიანია. თავიდან მითხრა, რომ ტექნიკურად მაღალ დონეზე ვარ და სისწრაფეებზე უნდა მემუშავა, რათა იტალიური ტემპისთვის ალღო ამეღო. ის დრო, რაც უდინეზესთან ვითამაშე, შევამჩნიე, რომ სისწრაფეებში მართლაც დიდი სხვაობა და მაღალი ტემპია."
იტალიაში ლეგიონერის სტატუსით ჩახვედი. რამდენად რთულია, არა იტალიელი ფეხბურთელისთვის იქ თავის დამკვიდრება?
"რა თქმა უნდა, როცა ლეგიონერი ხარ, სულ იმის დამტკიცება გიწევს, რომ ადგილობრივზე მაღლა ხარ. ეს შენ გეხმარება, რომ კარგ ფორმაში და ტონუსში იყო. როცა იცი, რომ კონკურენციაში ხარ, უფრო მოტივირებულიც ხარ. სირთულეები იყო, თუმცა საბოლოოდ, ეს კონკურენცია ჩემი განვითარებისთვის ძალიან დამეხმარა."
მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ში მხოლოდ ერთი მატჩი გაქვს, სათადარიგოთა სკამზე ხშირად გხედავთ ხოლმე, რომელ მოთამაშეებს გამოარჩევდი იტალიის ჩემპიონატიდან?
"იტალიის ჩემპიოანტში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია, გამოვარჩევდი იუვენტუსის შემტევს კენან ილდიზს, ინტერის ფეხბურთელს ესპოსიტოს, რომელიც საოცარი ფეხბურთელია. ზოგადად, ინტერი ძალიან მაღალი დონის გუნდია და სხვებთან შედარებით, სულ სხვა ტემპს გვთავაზობენ."
თუ მაღალი დონის მოთამაშეებზე ვსაუბრობთ, ერთი ასეთი შენს გუნდშიც თამაშობს - ჯეიმი ვარდი, რომელიც სერია A-ს გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა...
"ვარდი საოცარი პროფესიონალია, მას დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები და ეს დონე ვარჯიშებზე ეტყობა. კარგ ფეხბურთელთან ერთად, ის კარგი ადამიანია, თავმდაბალი, სულ ხუმრობს და ყველასთან დადებითადაა განწყობილი."
"რედ ბულს" მართლა ხშირად სვამს?
"პირველად რომ მოვიდა, "რედ ბულის" დიდი მაცივარი მოიტანა და გასახდელში დადგა. "რედ ბულის" ქილებით სავსე იყო. კონკრეტულ თამაშამდე პერიოდში, ალბათ დღეში მინიმუმ 4-5 ქილას სვამს ხოლმე და ირგვლივ სულ "რედ ბულის" ქილებს ვხედავთ"
ახალი ფორმაციის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი ხარ. სამწუხაროდ, ახალი ციკლი წარუმატებლად დავიწყეთ, რა არის ამის მიზეზი?
"ვფიქრობ, უფრო მეტი შეთამაშება გვჭირდება. ერთმანეთს ყველა ჯერ ბოლომდე კარგად არ ვიცნობთ და ეს მოედანზე ჩანს. ვფიქრობ, ბოლო თამაშებში პროგრესი მაინც იყო და შეკრებიდან შეკრებამდე წინ მივიწევთ. ამ ფორმაციის 21-წლამდე ნაკრებს შეუძლია, რომ განვითარდეს და თავისი სიტყვა თქვას. რამაზ სვანაძე კარგი მწვრთნელი, კარგი პიროვნებაა და მჯერა, რომ ის ამ ნაკრებშიც დადებს შედეგს."
იტალიურ კარიერას რომ დავუბრუნდეთ, შენი დებიუტი უდინეზეს წინააღმდეგ შედგა, სადაც ქართველი საბა გოგლიჩიძე თამაშობს. გქონდათ მატჩის შემდეგ საუბარი?
"მატჩის შემდეგ, გოგლიჩიძეს შევხვდი, ნაკრებზე ვისაუბრეთ და ჩემს ამჟამინდელ მწვრთნელზე მელაპარაკა, რადგან ემპოლიში ნიკოლა სწორედ გოგლიჩიძის მწვრთნელი იყო. მითხრა, რომ დავიდე ნიკოლა მაღალი დონის სპეციალისტია და მასთან ბევრს ვისწავლი. გოგლიჩიძეს მაშინ პირველად შევხვდი."
როგორც ვიცი, ნაპოლისთან თამაშისას, ხვიჩა კვარაცხელიასაც შეხვდი...
"დიახ, როცა ნაპოლი კრემონეში იყო ჩამოსული, თამაშის შემდეგ კვარაცხელიას შევხვდი და მაისური მომცა. ბევრი ვილაპარაკეთ და მივხვდი, რომ რამდენადაც კარგი ფეხბურთელია, იმდენად დიდებული პიროვნებაა."
როგორია შენი სამომავლო გეგმები, ვიხილავთ მალე დაჩი ლორთქიფანიძეს მინდორზე სერია A-ს უფრო მეტ მატჩში?
"ჩემი მიზანიც ეს არის. სერია A-ში ხშირად თამაში მსურს. ამისთვის საჭიროა, რომ ვარჯიშებზე ყველაფერი დავამტკიცო და ბევრი ვიშრომო. უფრო შორეულ მომავალზე რომ ვისაუბროთ, დიდ ნაკრებში თამაში მსურს. ძალიან მინდა, დიდი ნაკრების შეკრებაზე მოვხვდე და ვარჯიშებზე კარგად ვნახო, რას აკეთებენ კვარა, ჟორჟი და სხვები..."









