სულ რამდენიმე საათის წინ, ჯუზეპე მეაცაზე იტალიური დერბი გაიმართა, სადაც ინტერმა იუვენტუსს მძიმე ბრძოლაში 3-2 მოუგო.
შეხვედრის პირველ ტაიმში, მატჩის მთავარმა არბიტრმა ფედერიკო ლა პენიამ პიერ კალულუს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. განმეორებით კადრში კი კარგად გამოჩნდა, რომ ფრანგი ფეხბურთელი თამაშის წესებს არ არღვევდა და მეორე ყვითელი არა პიერ კალულუს, არამედ ალესანდრო ბასტონის სიმულაციის გამო უნდა მიეღო.
ზემოხსენებული წითელი ბარათის გარდა, მთავარმა არბიტრმა სხვა შეცდომებიც დაუშვა, რამაც საბოლოო ჯამში მატჩის შედეგზეც იქონია გავლენა.
იტალიური დერბის დასრულების შემდეგ, იუვენტუსის ხელმძღვანელობამ მედიასთან ისაუბრა.
"დღეს მომხდარის შემდეგ ფეხბურთზე საუბარი შეუძლებელია. დღეს რაღაც სრულიად მიუღებელი მოხდა - არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩვენს წინააღმდეგ მოხდა თუ სხვას გადახდა თავს, ცვლილებები საჭიროა. ხვალიდან, სავარაუდოდ, VAR სისტემა უნდა შეიცვალოს, რადგან მიუღებელია ამდენი შეცდომა. სეზონის დასაწყისიდან ვცდილობდით გვეთქვა, რომ მსაჯობის დონე არ არის შესაბამისი და სამწუხაროდ, დღეს ეს მთელმა მსოფლიომაც დაინახა.
გასულ კვირას დე როსიმ სრულიად სამართლიანად გამოთქვა პრეტენზიები, მანამდე კი გასპერინი და კონტეც აპროტესტებდნენ მსაჯების გადაწყვეტილებებს, ამიტომ ჩვენ არც პირველები ვართ და არც უკანასკნელები. რაღაც აშკარად არ მუშაობს და ერთ-ერთი პირველი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, პროტოკოლის შეცვლაა. სიტუაცია უნდა შეიცვალოს", - განაცხადა ჯორჯო კიელინიმ.
"ცხადია, იტალიური ფეხბურთისთვის დღევანდელი დღე ისტორიაში შავ ლაქად შევა. ასეთი თამაშზე, ასეთი შეცდომების დაშვება უდიდესი სირცხვილია... და ეს ყველაფერი მთელი მსოფლიოს თვალწინ მოხდა, ახლა უკვე ყველამ გაიგო თუ როგორი დაბალი დონის მსაჯობაა იტალიაში.
ძალიან რთულია ასეთი უსამართლობის ატანა, ძალიან რთულია. რაღაც უნდა ვთქვათ და მოვიმოქმედოთ, ასე გაგრძელება შეუძლებელია", - დამიენ კომოლი.
მატჩის დასრულების შემდეგ, სამსაჯო ბრიგადას იუვენტუსის უფროსობა დაუპირისპირდა - იხილეთ კადრები.









