ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ თავის ამჟამინდელ გუნდში დარჩენის შესახებ ისაუბრა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე არის გათვლილი. შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტთან ერთად, "ბებერმა ქალბატონმა" სკუდეტოს მოგება 5-ჯერ მოახერხა. ამის გარდა, "ბიანკონერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ იყო.
"გავახანგრძლივებ თუ არა კონტრაქტს იუვენტუსთან? ახლა ხელს არაფერს მოვაწერ, რადგან ხელშეკრულება 2025 წლამდე ისედაც აქტიურია. ჩემი მთავარი მიზანი ტურინული კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა. მივდივართ სწორი მიმართულებით, არ მიმაჩნია, რომ ჩავარდნა გვაქვს", - განაცხადა "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ში ჩატარებული 25 ტურის შემდეგ, "ბიანკონერი" 54 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ მილანის ინტერს ცხრა ქულით ჩამორჩება. "ნერაძურისთან" წაგების შემდეგ, პრესაში აქტიურად იწერებოდა 56 წლის სპეციალისტის გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ის თავის ადგილზე დარჩა.











