2025 წლის ზაფხულის ტესტები საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისთვის გამორჩეული იქნება. ისტორიაში პირველად, თბილისში ირლანდიის ეროვნული ნაკრები ჩამოდის, ხოლო შემდეგ ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან სადაც ჯერ ჩიტასს, ხოლო შემდეგ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ივლისის ტესტების წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რიჩარდ ქოქრილს შევხვდით და საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ. 54 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების პროგრესზე და მოახლოვებული ტესტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, მოახლოვებულ მსოფლიო თასსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გუნდის პროგრამა მინიმუმი 1/4 ფინალში გასვლა იქნება.
უკვე წელიწად-ნახევარია რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხართ — როგორ შეაფასებდით ამ დროის განმავლობაში ნაკრების პროგრესს?
"მსოფლიო თასის შემდეგ, გუნდში ტრანსფორმაცია ხდება და შედარებით ასაკოვანი მორაგბეებიდან, უფრო მეტად ახალგაზრდულზე გადავდივართ. ამ 18 თვის განმავლობში, ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი დაახლოებით 25 წელი იყო და ბირთვი კიდევ უფრო ახალგაზრდებისგან არის დაკომპლექტებული. მომდევნო მსოფლიო თასისთვის, ბევრ მათგანს უკვე 25-30 მატჩიანი სანაკრებო გამოცდილება ექნებათ, რაც უმნიშვნელოვანესია."
"ტაქტიკური თვალსაზრისით ჩვენ ნელ-ნელა ვვითარდებით და ვფიქრობ, რომ შეტევით თამაშს ვაუმჯობესებთ. ჩვენ უფრო მეტს ქულა ვიღებთ და რაც მთავარია, ლელოების ხარჯზე. უნდა გავაგრძელოთ განვითარება და რაც შეიძლება ღრმა შემადგენლობა შევქმნათ."
ივლისში ირლანდიის ნაკრების ჩამოსვლა ისტორიული მომენტია — როგორ ემზადება თქვენი გუნდი ამ მატჩისთვის და რას ელით ამ შეხვედრიდან?
"ზაფხულის ტესტებისთვის მომზადება ადგილობრივ გუნდებიში მოთამაშე მორაგბეებთა ერთად დავიწყეთ, რასაც ლეგიონერებიც დაემატა და ვფიქრობ, რომ მატჩებს კარგ ფორმაში შევხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის ნაკრების ძირითადი ბირთვი ლომების ტურნეში იქნება, მაინც ურთულესი შეხვედრა გველოდება, რადგან მათ შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე ძლიერი გუნდის დაკომპლექტება."
"რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი ლანსტერმა მოიგო და საქართველოში მათიარაერთი მორაგბე ჩამოვა. ასევე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს მანსტერსაც და ვფიქრობ, რომ ირლანდიის ნაკრები კარგად დაკომპლექტებული ჩამოვა თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მატჩის მოსაგებად."
ირლანდიის შემდეგ, ორი ტესტ-მატჩი დაგეგმილია სამხრეთ აფრიკაში - ეროვნულ ნაკრებთან და ჩიტასთან. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ შეხვედრებს გუნდის განვითარების თვალსაზრისით?
"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ზაფხულის ტესტები გამორჩეული იქნება — ჯერ თბილისში ვეთამაშებით მსოფლიოს მესამე ნაკრებს, ხოლო შემდეგ, საუკეთესოს დავუპირისპირდებით გასვლაზე. სამხრეთ აფრიკას 54 მორაგბისგან შემდგარი შემადგენლობა ჰყავს და მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ვიცით, როგორი რთული დაპირისპირება გველოდება. შუალედში კი ჩიტასთან თამაში მნიშვნელოვანი იქნება როტაციისთვის და ახალგაზრა მორაგბეების გამოცდისთვის."
"ივლისში ზუსტად იმ ტიპის ტესტები გვექნება, რაც ჩვენი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. დავიწყებთ ისტორიული მატჩით ირლანდიის წინააღმდეგ, შემდეგ ჩიტასთან არაერთი მორაგბე მიიღებს შანსს და ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონებს დავუპირისპირდებით. ამ სამ მატჩში კარგად გამოჩდნება რა დონეზე ვართ და რა ასპექტები გვექნება მომავალში გასაუმჯობესებელი."
თქვენი აზრით, რა არის საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარე და პირიქით, რა არის ის ასპექტი, რომლის გაუმჯობესებაზეც ყველაზე მეტს მუშაობთ?
"საქართველოს ნაკრების მთავარი სიძლიერი არის ის ფაქტი, რომ ჩვენი დამარცხება ურთულესია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება და მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ბორჯღალოსნები ფიზიკურად ძალიან ძლიერი მორაგბეები არიან და ეს გვეხმარება ყველა გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლოთ."
"ვფიქრობ, როგორც გუნდს გვაქვს შეტევაში განვითარების სივრცე და პოტენციალი. გვჭირდება უფრო მეტი სტაბილურობა და ჩვენი სტილი უნდა იყოს ხელით სწრაფი თამაში. ჩვენ ძალიან კარგი ბექები გვყავს და მსოფლიო თასზე დიდი გუნდების დამარცხებას ვაპირებთ. ჩვენ თამაშები არა კარში დარტყმით, არამედ ლელოებით უნდა მოვიგოთ და ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტჯერ დავალელოვოთ მეტოქეები."
"ჩვენ უნდა შევძლოთ სხვადასხვა სტილით თამაში — როგორც ფიზიკური, ასევე სწრაფი და ლელოებზე ორიენტირებული. გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც მოედნის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ ლელოს დადება და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ბევრი უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ყველა მორაგბემ თავისი ძლიერი მხარე მაქსიმალურად გამოავლინოს და გუნდს დაეხმაროს."
2027 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 წელი რჩება. როგორია თქვენი გეგმა და რა არის პროგრამა მინიმუმი აღნიშნულ ტურნირზე?
"ჩვენი ამბიცია 1/4 ფინალში გასვლაა, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდს შორის უნდა ვიყოთ და დღეს, რეიტინგში მე-11 ადგილზე ვიმყოფებით. სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს — უნდა გავაგრძელოთ ადგილობრივი მოთამაშეების განვითარება და უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ ლეგიონერებთან, რაც სარაგბოს კალენდრის გათვალისწინებით მარტივი არ არის."
"ზოგიერთ პოზიციაზე სიღრმე არ გვაქვს და ამ მხრვი შეზღუდულები ვართ, თუმცა, მსოფლიო თასამდე 2 წელია დარჩენილი და ამის გამოსწორება შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ტურნირს კარგ ფორმაში შევხვდებით და ვიბრძოლებთ 1/4 ფინალისთვის, რაც საკმაოდ რეალისტურია. ახალი ფორმატით, მსოფლიო თასს 1/8 ფინალები დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში ორი მატჩის მოგება პლეი-ოფისთვის საკმარისი იქნება, იქ გასვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს."
"საქართველოს მსოფლიო თასზე პირველი დონის გუნდი არასდროს დაუმარცხებია და სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. წლის ბოლოს ვეთამაშებით სამოას, აშშ-ს და იაპონიას, ხოლო შემდეგ, დეკემბერში მსოფლიო თასის წილისყრა იქნება. ამიტომ ჯერ ზაფხულის, ხოლო შემდეგ შემოდგომის ტესტები მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის."
დავით ნინიაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მორაგბეა. როგორ შეაფასებთ მის ტრანსფერს ლიონიდან ლა როშელში და რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ ტრანსფერს მისი და ნაკრების განვითარებისთვის?
ის მსოფლიო დონის მოთამაშეა და როგორც ლიონი, ასევე ლა როშელი შესანიშნავია გუნდია.რონან ო'გარა ჭკვიანი მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, რომ ნინიაშვილის კარიერულ განვითარებაში დიდ როლს ითამაშებს. ნინი ჯერ მხოლოდ 22 წლის არის, უკვე უმაღლეს დონეზე თამაშობს და კიდევ უფრო მეტად განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ლა როშელში ტრანსფერი კი მას ამ ყველაფერში დაეხმარება."
"კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ო'გარა ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და მის ხელში ველოდებით, რომ ნინიაშვილის თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა საქართველო ეროვნულ ნაკრებსაც წაადგება."
ბოლო წლებში არაერთხელ გაისმა საუბარი ექვს ერში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე. თქვენი აზრით, რამდენად მზადაა ჩვენი ნაკრები ამ დონეზე რეგულარული ასპარეზობისთვის და რა ნაბიჯებია საჭირო, რომ ეს რეალობად იქცეს?
"პირველ რიგში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება და მსოფლიო თასისთვის მომზადება. არ ვიცი როდის მოგცემენ 6 ერში თამაშის საშუალებას, თუმცა, თუ მსოფლიო თასზე კარგად ვითამაშებთ, ეს ჩვენთვის დამატებითი არგუმენტები იქნება. მე ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან 6 ერში გადასვლის სპორტული გზა, პლეი-ოფი და მხოლოდ ეს იქნება ერთადერთი სამართლიანი გზა."
"ჩვენი მხრიდან უნდა გავაგრძელოთ განვითარება როგორც ეროვნული ნაკრების, ასევე ასაკობრივ და საკლუბო დონეზე. უნდა დავრწმუნდეთ, რომ განვითარების ეტაპები კარგად მიმდინარეობს და როდესაც 6 ერში მოხვედრის შესაძლებლობა მოგვეცემა, მზად ვიყოთ. შეიძლება ეს იყოს 2030 წელს პლეი-ოფი ან პირდაპირ 7 ერი — მთავარია განვითარება არ შევწყვიტოთ და შედეგი აუცილებლად დადგება."
რაგბის კავშირი აქტიურად მუშაობს შავი ლომის გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატში ჩართვაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი ზოგადად ქართული რაგბის და კონკრეტულად ეროვნული ნაკრების განვითარებისთვის?
"ვფიქრობ, გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი (URC) შავი ლომისთვის და ზოგადად ქართული რაგბისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სუპერთასზე თამაში და ამხანაგური მატჩები კარგია, თუმცა, შავ ლომს განვითარებისთვის სათანადო ტესტები სჭირდება და URC ამისთვის საუკეთესო ვარიანტია. არ ვიცი როგორ მოხდება ეს — ვინმე დატოვებს ტურნირს თუ ჩვენს ხარჯზე გაფართოვდება, მაგრამ ის ვიცი, რომ ტურნირი ჩვენთვის კრიტინულად მნიშვნელოვანია."
"პირველად რიგში URC შავ ლომს ფინანსურ სტაბილურობას მისცემს და უფრო მეტად კონკურენტულს გახდის. სპორტული თვალსაზრისით კი აღნიშნული ტურნირი შესაძლებლობას მოგვცემს ის ლეგიონერები, რომლებიც დიდ სათამაშო დროს ვერ იღებენ, დავაბრუნოთ და განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. გარდა ამისა, ახალგაზრდა მორაგბეები მაღალ დონეზე თამაშის შანსს მიიღებენ და მათი ეროვნულ ნაკრებში გადასვლა უფრო სწრაფად მოხდება."
რას ფიქრობთ შიდა საკლუბო ჩემპიონატზე და რა არის დიდი 10-ის განვითარებისთვის საჭირო?
"დიდი 10 კარგი კონცეფციაა, მაგრამ ტურნირი პროფესიონალი კადრების დეფიციტს განიცდის და ეს პირველად რიგში ფინანსური პრობლემების გამო ხდება. საქართველოს ძლიერი, მაგრამ ახალგაზრდა სარაგბო ერია და აუცილებელია, რომ მწვრთნელებმა გამოცდილება საზღვარგარეთ მიიღო, რითაც ახალგაზრდა მორაგბეებს დაეხმარებიან."
"ჩვენ დიდი 10-დან შავ ლომში რამდენიმე კარგი მოთამაშე დავიმატეთ, მივეცით კარიერული განვითარების შესაძლელობა და შემდეგ ეროვნულ ნაკრებში გადავიყვანეთ. სწორედ ასე უნდა მუშაობდეს შიდა ჩემპიონატი, საიდანაც მორაგბეები ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში მოხვდებიან, რაც მათ ცნობადობას გაზრდის და განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს. ამ ყველაფრით კი ქართული რაგბი კიდევ უფრო გაძლიერდება."
და ბოლოს — რას ეტყვით ქართველ გულშემატკივრებს ივლისის ტესტ-მატჩების წინ? რას ნიშნავს მათი მხარდაჭერა თქვენთვის და ბორჯღალოსნებისთვის?
"შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ჩვენ კარგად მომზადებულები ვიქნებით, მოთამაშეები ძალიან მოტივირებულები იქნებიან, რომ შესანიშნავი თამაში აჩვენონ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. თბილისში პრიველად გვეძლება ირლანდიასთან თამაშის საშუალება და ეს ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება."
"რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა სტადიონზე, მით უფრო კარგად ვითამაშებთ და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ გულშემატკივრებს, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს. ბორჯღალოსნები კი მოედანზე დაანახებენ იმ ერთგულებას, რაც სამშობლოს მიმართ აქვთ."
ბორჯღალოსნების განრიგი 2025 წლის ზაფხულის ტესტებზე
საქართველო V ირლანდია (5 ივლისი, 21:00, თბილისი)
ჩიტასი V საქართველო (11 ივლისი, 21:00, ბლუმფონტეინი)
სამხრეთ აფრიკა V საქართველო (19 ივლისი, 19:10, მბომბელა)









