მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს პსჟ და ინტერ მაიამი დაუპირისპირდებიან. მატჩი 29 ივნისსაა ჩანიშნული.
შესაბამისად, მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავი ლეო მესი და პსჟ-ს ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა მესის წინააღმდეგ ქართველი ითამაშებს.
უახლოესი წარსული რომ გავიხსენოთ, ატლანტა იუნაიტედის შემტევმა საბა ლობჟანიძემ მესის პირისპირ სულ 6-ჯერ ითამაშა და რამდენჯერმე დაამწუხრა კიდეც.
მესის და ლობჟანიძის დაპირისპირება 3-ჯერ ქართველის გამარჯვებით დასრულდა, 2-ჯერ არგენტინელის, ერთხელ კი ფრედ. უშუალოდ მაშინ, როცა ინტერ მაიამის მაისურით მესი იღებდა მონაწილეობას, საბა ლობჟანიძეს ფლორიდელთა კარში 4 გოლი აქვს გატანილი. ყველაზე საინტერესო კი ერთი წლის წინ გამართული მატჩი იყო, სადაც ატლანტამ ინტერ მაიამი 3:1 დაამარცხა, ლობჟანიძემ დუბლი გაიფორმა, ინტერ მაიამის მხრიდან ერთი ბურთი მესიმ გაიტანა.
ყველასთვის დასამახსოვრებელი იყო 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა ყაზანის რუბინსა და ბარსელონას შორის, რომელიც სენსაციურად დასრულდა. რუბინმა კამპ ნოუზე უძლიერესი მეტოქე 2:1 დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ლაშა სალუქვაძე, რომელსაც უშუალოდ მესის მეურვეობა უწევდა და ამ ამოცანას თავი იდეალურად გაართვა. სალუქვაძემ იმ მატჩში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. რუბინის კიდევ ერთი ქართველი ნუკრი რევიშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
რუბინისა და ბარსელონას მეორე მატჩი ამჯერად ყაზანში შედგა და ფრედ 0:0 დასრულდა. სალუქვაძის და მესის დუელი ამ მატჩშიც ვიხილეთ, ქართველი მცველი კვლავ შედეგიანი იყო.
2020 წელს, ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბარსელონამ უნგრული ფერენცვაროში 5:1 გაანადგურა, სადაც გოლი მესიმაც გაიტანა. ამ შეხვედრაში ფერენცვაროშის რიგებში იყო ლაშა დვალი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მესისთან ერთად მოედანზე ყოფნა არ მოუწია. დვალმა ამ გუნდების განმეორებით მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მესის აღარ უთამაშია.
2021 წელს, ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩი ლევანტესა და ბარსელონას შორის საკმაოდ დრამატული გამოდგა და ფრედ 3:3 დასრულდა. ეს ის პერიოდია, როცა ფეხბურთში ახალი წესი შემოვიდა და გუნდებს 5 ცვლილების გაკეთების უფლება ჰქონდათ. ლევანტეს განაცხადში გიორგი ქოჩორაშვილი იყო, რომელიც მოედანზე მატჩის მიწურულს შევიდა. ლეო მესიმ გოლი ამ შეხვედრაშიც გაიტანა.
2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსკოვის სპარტაკი ბარსელონას დაუპირისპირდა და უშანსოდ, 3:0 დამარცხდა. ერთი გოლი დანი ალვეშმა გაიტანა, დუბლის ავტორი ლეო მესია. სპარტაკის ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და მესის წინააღმდეგ მოედანზე 30 წუთზე მეტი დაჰყო.









