როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, ზაფხულში რეალ მადრიდში დიდი ცვლილებები იგეგმება — თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, კარლო ანჩელოტი სეზონის ბოლოს სამეფო კლუბს დატოვებს. ფლორენტინო პერესის აზრით, იტალიელმა საკუთარი თავი ამოწურა, გუნდს კი ახალი სეზონის წინ ახალი მთავარი მწვრთნელი სჭირდება.
ამასობაში, რეალ მადრიდი ჩაბი ალონსოსთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. ესპანელი სპეციალისტი #1 სამიზნეა და მადრიდში სჯერათ, რომ მასთან და ლევერკუზენთან შეთანხმება უახლოეს კვირებში შედგება.
"ჩაბი ალონსო? ვფიქრობ, მისი დარჩენა-არ დარჩენის საკითხი 50/50-ზეა. ჩვენ არ გვსურს სეზონის ბოლომდე მოცდა. გვირჩევნია მისი გადაწყვეტილება ცნობილი, რაც შეიძლება მალე გახდეს. ყველაფერი მომდევნო 3-4 კვირაში უნდა გადაწყდეს.
ჩვენს შორის ჯენტლმენური შეთანხმება არსებობს - თუ მის წაყვანას ისეთი კლუბი შეეცდება, სადაც ალონსოს კარიერის განმავლობაში უთამაშია, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით და მას ხელს არაფერში შევუშლით."
რეალ მადრიდი, ლევერკუზენი და ჩაბი ალონსო მოლაპარაკებებს აგრძელებენ. ესპანელი მთავარი მწვრთნელისთვის რეალ მადრიდში მუშაობა ოცნების ახდენა იქნება, შესაბამისად, დიდი შანსია მხარეებმა შეთანხმებას უახლოეს პერიოდში მიაღწიონ.









